Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის განთავსების გეგმაზე: ეს არის ოკუპაციის შედეგი


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან თქვა, რომ ეს არის ოკუპაციის გაგრძელება და კიდევ უფრო აუარესებს ვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მულტილატერალიზმისა და გეოსტრატეგიულ საკითხებზე მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში. ღარიბაშვილმა დააზუსტა, რომ მიმოიხილეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და მონაწილეებს აცნობა აფხაზეთში შექმნილი ვითარების შესახებ. ესპანეთის ქალაქ გრანადაში პრემიერი ესწრება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტს.

„მათ მივაწოდე ინფორმაცია დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. იცით, რომ გახდა ცნობილი, რუსეთი აპირებს უკვე მე-3 სამხედრო ბაზის, ამ შემთხვევაში, საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ოკუპაციის შედეგი. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე აღვიქვამთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას, ბუნებრივია. მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო არის და მე ამის თაობაზე მძაფრად აღვუწერე ჩვენი სიტუაცია, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეტად სპეციფიკურ სიტუაციაში, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქვეყანა ახერხებს განვითარებას, წინსვლას, რეფორმებს ისე, რომ ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას. ამას მართლაც მოხერხება სჭირდება და ჩვენ მართლაც გვაქვს სათქმელი ამ მიმართულებით", - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმასთან დაკავშირებულ ცნობას. საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებულია ამ გეგმით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს ქმედებებს აფასებს „მორიგ პროვოკაციულ მცდელობად“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის განთავსების შესახებ შეთანხმებაზე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება.

2008 წლიდან რუსული სამხედრო ბაზა დგას გალში. ქალაქის გარდა, რუსეთის ბაზებია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ლეკუხონაში, საბერიოსა და ჭუბურხინჯშიც. ამ სოფლებში უსაფრთხოებას ძირითადად რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ნატო შეშფოთდა, როდესაც 2009 წელს ოჩამჩირეში რუსული ბაზის შესახებ საუბარი დაიწყეს. გამოცემის თანახმად, ოჩამჩირეში (სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდში საბჭოთა საზღვაო ბაზა იყო) რუსული ბაზის ხელახლა განთავსების შესახებ ცნობები შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ რუსეთი, ერთი მხრივ, სევასტოპოლის ალტერნატივას ეძებს და ასევე ცდილობს, გააფართოოს თავისი სამხედრო ყოფნა თურქეთის სიახლოვეს შავი ზღვის სანაპიროზე.

გაზეთმა Wall Street Journal-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდასხმების გამო რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტის უმეტესი ნაწილი ანექსირებულ ყირიმში მთავარი ბაზიდან გაიყვანა.

ოთხშაბათს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან, შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არაფერი უთქვამს საზღვაო ბაზაზე. თუმცა ბჟანიამ განაცხადა, რომ მას სურს მონაწილეობა მიიღოს „რუსული მხარის მიერ ინიციირებულ ინტეგრაციულ პროცესებში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით საქართველო ერთგულია „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი.“

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. ამას წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთი ოსეთი) დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი. მოსკოვმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო „სამხრეთი ოსეთიც".

XS
SM
MD
LG