Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინელი მომღერალი ჯამალა

ფოტო არქივიდან. ჯამალა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად. კიევი, 2022 წლის 29 ნოემბერი
ფოტო არქივიდან. ჯამალა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად. კიევი, 2022 წლის 29 ნოემბერი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა უკრაინელი მომღერალი ჯამალა. მისი ნამდვილი სახელია სუსანა ჯამალადინოვა.

რუსეთის მიერ ძებნილების მონაცემთა ბაზაში მითითებულია, რომ სუსანა ჯამალადინოვა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით იძებნება. მუხლი დაკონკრეტებული არ არის. დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონა" და კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი" წერენ, რომ ჯამალას ბრალად ედება რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელება.

წარმოშობით ყირიმელი თათარი ჯამალა მუსიკალური კონკურსის, "ევროვიზიის" გამარჯვებულია. 2016 წელს მან უკრაინის სახელით გამარჯვება მოიპოვა სიმღერით, რომელიც სტალინის მმართველობის პერიოდში ყირიმელი თათრების მასობრივ დეპორტაციას ეძღვნებოდა.

მომღერალი 2014 წლიდან გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და მიიჩნევს, რომ უკრაინამ რუსეთთან ამჟამინდელი ომის შედეგად ყველა ტერიტორია უნდა დაიბრუნოს.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსს ე.წ. ფეიკების მუხლი დაემატა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტში. „ფეიკად“ ითვლება ომის შესახებ რუსეთის სახელმწიფო უწყებების ოფიციალური ინფორმაციისგან განსხვავებული ცნობები და მათი გავრცელება 3-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. თუ „ფეიკის“ გავრცელება „მძიმე შედეგებს" გამოიწვევს, სასჯელი 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა.

რუსეთში სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით გასამართლებულია ათეულობით ოპოზიციონერი აქტივისტი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი.

XS
SM
MD
LG