Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაწვევის ახალი წესი სტუდენტებისთვის და სასულიერო პირებისთვის - პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი შეცვალა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

წვევამდელების ჯარში გაწვევის ახალი წესი დამტკიცებულია. თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით დღეს, 30 ნოემბერს, უყარეს კენჭი. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესში შესული ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.

ამ ცვლილებებით, დისტანციური სწავლა აღარ იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი. დისტანციურ სწავლაზე ჩანაწერი თავდაცვის კოდექსში აქამდე არ არსებობდა და ყველა, ვისაც "აქტიური სტუდენტის" სტატუსი ჰქონდა, განურჩევლად სწავლების ტიპისა, ჯარში ავტომატურად აღარ მიდიოდა.

კიდევ ერთი ცვლილებით, სასამართლო სარჩელი გაწვევის პროცესს ვეღარ შეაჩერებს. ეს საკითხი იმ პირებს შეეხება, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს რწმენის, რელიგიის ან აღმსარებლობის მოტივით ამბობენ. ასეთები არიან სასულიერო პირები, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ან პაციფისტები (ომის საწინააღმდეგო მოძრაობა).

ისინი გაწვევის კომისიას მიმართავენ და ალტერნატიული არასამხედრო სამსახურის გავლას მოითხოვენ. გადაწყვეტილებას სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე თავდაცვის მინისტრი იღებს, ანუ გამოსცემს ბრძანებას, წაიყვანონ თუ არა ესა თუ ის პირი ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში. ძველი წესით, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება გაწვევის გადავადების საფუძველი იყო.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა. პირველი მოსმენა გუშინ, მეორე და მესამე მოსმენა კი დღეს გაიმართა.

XS
SM
MD
LG