Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია პარტიის დაფუძნებას გეგმავს


ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე
ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, რომელმაც ბრიფინგზე ენმ-ში საქმიანობა შეაჯამა და თქვა, რომ "წინ, მომავალში მიდის", პარტიის დაფუძნება დააანონსა. ტელეკომპანია "მთავარ არხთან" ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს იქნება "ყველაზე მართალი პარტია".

"რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც იქნება ის პარტია, რომელიც ფუძნდება. დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას, შესაბამის პერიოდში დაფუძნდება... უამრავი ადამიანია დღეს არჩევანის გარეშე", - თქვა მელიამ.

7 დეკემბერს საკუთარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა "ასიათასობით მხარდამჭერს" და თქვა, რომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.

"მივდივარ თუ არა? დიახ, მივდივარ წინ, მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში. ბევრს სჯერა, რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ოლიგარქიული მმართველობა. მე კი მჯერა, რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მან თქვა, რომ არ სჯერა, რომ "პოლიტიკური კორუფციის დამარცხება შესაძლებელია პოლიტიკური კორუფციითვე" და სჯერა, რომ "მთავარი იარაღია ღირსება, მორალი, სიტყვის ფასი და ზნეობა". ნიკა მელიას სიტყვებითვე, მცდელობის მიუხედავად, მისთვის "მნიშვნელოვანმა პრინციპებმა" "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ გაიმარჯვა.

"არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით; არ მჯერა, რომ ვინმე შეძლებს პოლიტიკური კორუფციის დამარცხებას პოლიტიკური კორუფციითვე; არ მჯერა, რომ პოლიტიკური ვაჭრობა დამარცხებადია პოლიტიკური ვაჭრობითვე. დღეს სჯერათ, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი ფულია, მე კი მჯერა, რომ მთავარი იარაღია ღირსება, მორალი, სიტყვის ფასი და ზნეობა. ესაა ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, ხედვა, იდეალები. ახალი გამარჯვება იქნება ეს...

ახლა მაქვს ორი არჩევანი, რომელიც გულისხმობს ნიღაბის გაკეთებას და ასე გაგრძელებას ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი საკუთარ თავთან; მაქვს არჩევანი, ჩავეფლო პოლიტიკურ ვაჭრობაში ან დავრჩე თქვენთან, ხალხთან ერთად. ვეცადე ამ პრინციპებს გაემარჯვა ენმ-ში, მაგრამ მართლაც ყრუ კედელი დაგვხვდა", - თქვა ნიკა მელიამ.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.

ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.

„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - თქვა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე.

იმავე დღეს „ფორმულის“ ღამის ეთერში მან განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა“.

XS
SM
MD
LG