Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მივდივარ წინ, მომავლისკენ" - დაუზუსტებელი დარჩა ტოვებს თუ არა ენმ-ს მელია


ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე
ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, დღეს, 7 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მიდის "წინ, მომავლისკენ", თუმცა არ დაუკონკრეტებია, ოფიციალურად ტოვებს თუ არა პარტიას. მელიამ მადლობა გადაუხადა "ასიათასობით მხარდამჭერს" და თქვა, რომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.

"მივდივარ თუ არა? დიახ, მივდივარ წინ, მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში. ბევრს სჯერა, რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ოლიგარქიული მმართველობა. მე კი მჯერა, რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი", - თქვა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც გაიხსენა ბოლო წლებში თავისი საქმიანობა "ნაციონალურ მოძრაობაში".

მელიამ თქვა, რომ არ სჯერა, რომ "პოლიტიკური კორუფციის დამარცხება შესაძლებელია პოლიტიკური კორუფციითვე" და სჯერა, რომ "მთავარი იარაღია ღირსება, მორალი, სიტყვის ფასი და ზნეობა". მისივე სიტყვებით, მცდელობის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ გაიმარჯვა მისთვის "მნიშვნელოვანმა პრინციპებმა".

"დღეს საქართველოში ჩვენ, ყველას ერთად, გვაქვს სისტემა, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი გახადა სკეპტიკოსი. უკანასკნელი თვეების განმავლობაში მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ პრინციპები, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყოფილიყო გამარჯვებული "ნაციონალურ მოძრაობაში". ამ გახრწნილ პოლიტიკურ სისტემაში პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ამორალობა აქციონ პოლიტიკურ სტანდარტად, წარმატების მიღწევის წინაპირობად. ისინი ცდილობენ, რომ ამ სფეროში შესაძლებელია წარმატების მიღწევა არა პრინციპებისადმი ერთგულებით, არამედ პრინციპებზე უარის თქმით...

არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით, არ მჯერა, რომ ვინმე შეძლებს პოლიტიკური კორუფციის დამარცხებას პოლიტიკური კორუფციითვე, არ მჯერა, რომ პოლიტიკური ვაჭრობა დამარცხებადია პოლიტიკური ვაჭრობითვე. დღეს სჯერათ, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი ფულია, მე კი მჯერა, რომ მთავარი იარაღია ღირსება, მორალი, სიტყვის ფასი და ზნეობა. ესაა ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ხედვა, იდეალები. ახალი გამარჯვება იქნება ეს...

ახლა მაქვს ორი არჩევანი, რომელიც გულისხმობს ნიღაბის გაკეთებას და ასე გაგრძელებას ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი საკუთარ თავთან; მაქვს არჩევანი, ჩავეფლო პოლიტიკურ ვაჭრობაში ან დავრჩე თქვენთან, ხალხთან ერთად. ვეცადე ამ პრინციპებს გაემარჯვა ენმ-ში, მაგრამ მართლაც ყრუ კედელი დაგვხვდა", - თქვა ნიკა მელიამ ბრიფინგზე.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.

ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.

„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - თქვა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე.

იმავე დღეს „ფორმულის“ ღამის ეთერში მან განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა“.

XS
SM
MD
LG