Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს საქართველოს წინაშე 133 მილიონი ევროს დავალიანება აქვს - ევროსაბჭო


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ევროსაბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გადაიხადოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე დადგენილი კომპენსაცია. 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. 16 სექტემბრიდან ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო სხდომაზე (კომიტეტი ზედამხედველობას უწევს ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას), აღინიშნა, რომ რუსეთს ჯერ არ გადაუხდია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევებზე გამოტანილი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული, 129 მილიონ ევროზე მეტის კომპენსაცია, რომლის ოდენობამაც, დარიცხული პროცენტის გათვალისწინებით, ამჟამად 133 მილიონ ევროს მიაღწია.

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა.

რუსეთმა უნდა აღასრულოს ასევე სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებასთან, ანა პოლიტკოვსკაიას, ნატალია ესტემიროვასა და ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობებთან, ასევე ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ ცხრა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები. კერძოდ, მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს, უზრუნველყოს ნავალნისთვის სამედიცინო და იურიდიულ დახმარებაზე წვდომა. ასევე აღნიშნულია იმ კანონების გადახედვის აუცილებლობაზე, რომლებიც, ევროპის საბჭოს თანახმად, ლგბტ თემის დისკრიმინაციას იწვევს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭო აქტიურად თანამშრომლობს გაეროს შესაბამის სტრუქტურებთან და ცდილობს რუსეთის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიღწევას. ეს თემა მომავალ კვირაში სტრასბურგში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან ერთად განიხილება.

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღასრულებს 2022 წლის 16 მარტის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

XS
SM
MD
LG