Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, ბილბორდებზე ზურაბიშვილის ფოტოები მოშე კლუგჰაფტის რჩევით შეცვალეს


სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გაკრული ერთ-ერთი ბილბორდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს
სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გაკრული ერთ-ერთი ბილბორდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ და ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის ბილბორდების შეცვლა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ილაპარაკა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეს პიარტექნოლოგები დაეხმარებიან "ქართულ ოცნებას" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდშიც.

"საინტერესო რჩევები ჰქონდათ მათ, რაც დაგვეხმარა შესაბამისი შედეგის მიღწევაში. მაგალითად, ერთ-ერთი მათი რჩევა იყო, ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენით. რაც გავითვალისწინეთ, სასარგებლო აღმოჩნდა და დაგვეხმარა შედეგის გაუმჯობესებაში", - თქვა კობახიძემ.

2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში თითქმის ყველგან მოიხსნა ბანერები სალომე ზურაბიშვილის ფოტოსურათით და მის ნაცვლად ბილბორდებზე მმართველი პარტიის ლიდერები გამოჩნდნენ. ერთ-ერთი მათ შორის იყო ირაკლი კობახიძე.

იმ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია. პარტია ღიად უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არჩევნების მეორე ტურში, 2018 წლის 28 ნოემბერს, მიღებული ხმების რაოდენობით გახდა პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG