Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში მთავარი ქალაქის, ხან-იუნისის ევაკუაციის ბრძანება გასცა


ბავშვები ქალაქ ხან-იუნისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგებს უყურებენ. 10 დეკემბერი, 2023 წელი
ბავშვები ქალაქ ხან-იუნისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგებს უყურებენ. 10 დეკემბერი, 2023 წელი

ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში მთავარი ქალაქის, ხან-იუნისის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი აცხადებს, რომ ისრაელმა გამოაქვეყნა საევაკუაციო ტერიტორიის რუკა, რომელიც მოიცავს ქალაქ ხან-იუნისის დაახლოებით 20 პროცენტს.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებამდე ქალაქში 110 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

ამ რაიონში განთავსებულია 32 თავშესაფარი, რომლებშიც 140 ათასზე მეტი ადგილნაცვალი ადამიანი იმყოფება, მათი უმეტესობა მანამდე სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდანაა ევაკუირებული.

ისრაელის არმიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ხან-იუნისში სამხედრო- სამეთაურო საკონტროლო პუნქტებზე "სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ოპერაციები ჩატარდა ათობით ტერორისტისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ".

ისრაელი პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, ღაზის სექტორში ერთი კვირით ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს, დაახლოებით 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ.

წინა ზავის დროს, ნოემბრის ბოლოს, „ჰამასმა“ 105 მძევალი გაათავისუფლა.

არსებული ინფორმაციით, უშედეგოდ დასრულდა კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკება ცეცხლის დროებითი შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლებაზე. Wall Street Journal-ი ეგვიპტურ მხარეზე დაყრდნობით წერს, რომ ნებისმიერ დროებით ზავამდე დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენლები ისრაელისგან ღაზის სექტორიდან ჯარების სრულად გაყვანას და ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG