Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი: ციხეში არ შეგვაგზავნინეს "ინდიგოს" გამოცემა პროტესტზე


დეკემბრის დასაწყისში, მერვე პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხე) ადმინისტრაციამ 7-8 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებს უარი უთხრა პატიმრისთვის კონკრეტული წიგნის შეგზავნაზე, რომელიც პროტესტს შეეხება - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაკავებულის დედამ და ბაბუამ მიაწოდეს.

მათი თქმით, ჟურნალ "ინდიგოს" 52-ე ნომრის შეგზავნა თავად ლაზარემ ითხოვა ციხიდან გამოგზავნილი წერილით. ოჯახის წევრები ლაზარე გრიგორიადისისთვის ამ გამოცემის შეგზავნას 12-13 დეკემბერს ცდილობდნენ. "ინდიგოს" 52-ე ნომერი, რომელიც საქართველოში პროტესტისა და წინააღმდეგობის ისტორიას აღწერს, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პრეზენტაციამდე გახდა კრიტიკის სამიზნე.

ლაზარე გრიგორიადისს ოჯახის წევრები საპატიმრო დაწესებულებაში სისტემატურად აწვდიან წიგნებს და მათი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კონკრეტული წიგნის შეგზავნაზე უარი მიიღეს. როგორც ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მათთვის არავის განუმარტავს, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

რადიო თავისუფლებამ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება სცადა პენიტენციური დაწესებულების პრესსამსახურში - უწყებაში გვითხრეს, რომ ამ საკითხს გაარკვევენ და ჩვენს კითხვაზე პასუხის მიღების შემთხვევაში, დაგვიკავშირდებიან. რადიო თავისუფლებამ უწყებას ჰკითხა, თუკი ასეთი ფაქტი მოხდა, რა არგუმენტით შეზღუდა ციხის ადმინისტრაციამ კონკრეტული წიგნის შეტანა საპატიმრო დაწესებულებაში.

პენიტენციური სამსახურისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა გამოცემა "ინდიგოსაც" იმის გასარკვევად, ჰქონდათ თუ არა შეფერხებები ამ კონკრეტული ნომრის დისტრიბუციაში ან ყოფილა თუ არა მსგავსი შემთხვევა, როცა ხელისუფლების მიერ გაკრიტიკებული ნომრის სადმე შეტანაზე პრობლემა შეიქმნა.

„ინდიგოს“ აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ ამ ნომრის თითქმის სრული ტირაჟი უკვე გაყიდულია და მის რეალიზაციაში პრობლემები არ შექმნილა.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა ამ დრომდე გრძელდება - მომდევნო სასამართლო სხდომა 15 იანვარს არის ჩანიშნული.

მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ამ საქმის განხილვის პარალელურად, 25 სექტემბერს სასამართლომ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე მიიჩნია შემაშფოთებლად გამოცემა "ინდიგოს" ნომრის პრეზენტაციისას გამართული დისკუსია პროტესტსა და წინააღმდეგობაზე. ნომერი პროტესტის შესახებ "ინდიგომ" გერმანული ორგანიზაციის, ფრიდრიხ ებერტის მხარდაჭერით მოამზადა.

"როდესაც ვიღაც რევოლუციის თემის აქტუალიზაციას ახდენს და ეს ხდება, მით უმეტეს, უცხოური დაფინანსებით, ეს, ბუნებრივია, შემაშფოთებელია და ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ნუ გადადგამენ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდება", - თქვა ირაკლი კობახიძემ 2023 წლის 24 ოქტომბერს, ჟურნალის პრეზენტაციამდე ერთი კვირით ადრე.

ამავე დღეს ებერტის ფონდმა განმარტა, რომ ამ ნომერში შესული "სტატიები მეტწილად სამეცნიერო ხასიათისაა და მათში თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები, დემოკრატიის მშენებლობის გზა, რომელსაც ჩვენი ფონდი დღიდან დაარსებისა უცვლელად ემსახურება უკვე 30 წელია საქართველოში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG