Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე


ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლოში
ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ განაჩენი გამოიტანა საქმეზე, რომელშიც 2023 წლის მარტის აქციების მონაწილეს, ლაზარე გრიგორიადისს, ბრალად ედება მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრა ცივი იარაღით და მისი მანქანის დაზიანება. სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო 2021 წელს მომხდარ ფაქტზე და წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ლაზარე გირგორიადისს ამ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე გირაო ჰქონდა შეფარდებული. მან პირველივე სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა. რაც შეეხება დაზარალებულ ბექა გრიგორიადისს, მას საქმის განხილვისას პრეტენზია არ ჰქონია ბრალდებულის მიმართ და სასამართლოსგან მის დასჯას არ ითხოვდა. დღეს სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისის მამამ სასამართლო დარბაზიდან განაცხადა, რომ ინციდენტისას "ძალიან მთვრალი იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო". მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება განპირობებულია ამავე სასამართლოში მიმდინარე სხვა სისხლის სამართლის საქმის წარმოებით, რომლის ფარგლებშიც გამოძიება 21 წლის გრიგორიადისს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმას და სამართალდამცველების ავტომობილის დაწვას ედავება. ბითაძე მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობით მოხსნეს რისკი, რომ მას განაჩენის გამოტანამდე მოუწევდა ციხის დატოვება, თუკი ამ საქმის განხილვა სასამართლოში არ დასრულდებოდა 9 თვეში, რაც წინასწარ პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალური ვადაა.

ლაზარე გრიგორიადისის ნასამართლობის ფაქტს დაკავების შემდეგ, პირველ დღეებში, მის საწინააღმდეგო მტკიცებულებად იყენებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია, ისევე როგორც პროკურატურა - საქმის განხილვისას სასამართლოში.

გრიგორიადისი პოლიციამ მარტის აქციებზე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 29 მარტს დააკავა. წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა მას წლის ბოლოს, 29 დეკემბერს, ეწურება.

XS
SM
MD
LG