Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდში 12 რაკეტა „გაანადგურეს“


რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბელგოროდზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა იყო 30 დეკემბერსაც.
რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბელგოროდზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა იყო 30 დეკემბერსაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა სარაკეტო შეტევა ბელგოროდის ოლქზე და უკრაინა დაადანაშაულა „ტერაქტის“ მცდელობაში.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 3 იანვარს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გაანადგურეს“ 6 რაკეტა „ტოჩკა-უ“ და 6 რაკეტა „ოლხა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მორიგი მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.

ინფორმაცია ბელგოროდზე მორიგი სარაკეტო შეტევის შესახებ, თავდაპირველად დღეს დილით ტელეგრამით გაავრცელა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. უკრაინას თავდასხმაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკისა და სუმის ოლქებს ესაზღვრება.

2 იანვარს ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 4 სარაკეტო შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა. რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო იერიში განხორციელდა 30 დეკემბერსაც. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, დაიღუპა 25 და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი.

ბელგოროდზე 30 დეკემბრის შეტევის შემდეგ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ტერორისტული აქტი უწოდა, რუსეთის არმიამ გააძლიერა რაკეტებით და დრონებით თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის ხარკოვსა და კიევზე.

XS
SM
MD
LG