Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი ადასტურებს, რომ ბათუმში ევაკუაცია გამოიწვია შეტყობინებამ შესაძლო აფეთქებების შესახებ


ბათუმის სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია 21 იანვარს განხორციელდა.
ბათუმის სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია 21 იანვარს განხორციელდა.

ბათუმის სავაჭრო ცენტრებიდან და სასწავლო დაწესებულებებიდან ხალხის ევაკუაციის მიზეზი იყო შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. ეს დღეს, 22 იანვარს, დილით დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუსი). მისივე ცნობით, ცრუ შეტყობინებები მიღებულია უცხოეთიდან.

სუსის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ღონისძიებები გაატარეს ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზის" საფუძველზე ამბობს, რომ შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ, ქვეყნის ფარგლებს გარედან იყო. ასევე, მიზანმიმართულად მითითებული იყო საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.

ბათუმის სხვადასხვა ობიექტიდან ევაკუაცია გუშინ, 21 იანვარს, საღამოს განხორციელდა. არაოფიციალურად გუშინვე ცნობილი იყო, რომ ევაკუაცია უკავშირდებოდა შეტყობინებებს შესაძლო აფეთქებების შესახებ. მანამდე, ზოგიერთი რუსულენოვანი ტელეგრამ-არხით გავრცელდა ცნობები, რომ ბათუმის სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმები მზადდება.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით დახმარებისთვის მიმართეს პარტნიორი ქვეყნების უწყებებს.

დღესვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ ბოლო ხანს, ბათუმის მსგავსი შემთხვევები იყო თბილისშიც. კერძოდ, 2023 წლის 30 დეკემბერს და 2024 წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები „გალერია თბილისში” ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იყო საზღვარგარეთიდან და უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, რომლებშიც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

სუსის თანახმად, ამ შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.

XS
SM
MD
LG