Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ჩვენც გვაქვს პატარა ეკლექტიკა ჩვენს იდეოლოგიაში


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" პოლიტიკური იდეოლოგიის შესახებ „გირჩის" შეკითხვას უპასუხა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ოპოზიციის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, ტრადიციულ დემოკრატებშიც კი პირობითია მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის განსხვავება.

„ვართ თუ არა სოციალისტები... ზოგადად, განსხვავებები იდეოლოგიებს შორის გახდა ძალიან პირობითი. არა მარტო ჩვენი ტიპის, ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, არამედ ტრადიციულ დემოკრატებშიც, სადაც ისტორიული საფუძველი ჰქონდა მემარცხენე და მემარჯვენე მიმართულებების განვითარებას, - აღნიშნა კობახიძემ და განაგრძო, - იქაც კი დღეს არის ძალიან სერიოზული იდეოლოგიური კრიზისი... შესაბამისად, ტრადიციულ დემოკრატიებშიც კი პირობითია ეს განსხვავება მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის".

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", კობახიძემ განაცხადა, რომ მეტ აქცენტს გააკეთებს პოლიტიკაზე და არა ხისტ იდეოლოგიურ განმარტებებზე.

„ჩვენი პოლიტიკა არის ასეთი: გადასახადების აკრეფის ნაწილში ჩვენ ვართ უკიდურესად მემარჯვენეები. ძალიან ცოტა გადასახადი იკრიბება ჩვენს ქვეყანაში. ხარჯების ნაწილში ვართ, სოციალისტურს არ დავარქმევდი, მაგრამ მკვეთრად სოციალურად ორიენტირებულები. ამიტომ ჩვენც გვაქვს პატარა ეკლექტიკა ჩვენს იდეოლოგიაში. პირობითად ვამბობ ამას. ცოტას ვიღებთ გადასახადების სახით, ბევრს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით", - განმარტა მან და დაამატა, რომ წესდების მიხედვით, „ქართული ოცნება" მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიაა.

„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მაისში დატოვა „ევროპელი სოციალისტების პარტია". კობახიძემ მაშინ "ევროპელი სოციალისტების პარტია" იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათი წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას.

„ქართული ოცნება" „ევროპელი სოციალისტების პარტიის" დამკვირვებელი წევრი 2015 წლიდან იყო. ეს პოლიტიკური ჯგუფი აერთიანებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულ და ლეიბორისტულ პარტიებს.

„ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბუდაპეშტში, რის გამოც მმართველმა პარტიამ კრიტიკა დაიმსახურა.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის 4 მაისს გამოვიდა სიტყვით ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობდა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ მტრული ძალები საქართველოში „ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“ და რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას „უმცირესობის ძალადობისგან“.

XS
SM
MD
LG