Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" ტოვებს "ევროპელი სოციალისტების პარტიას"


პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პარტია "ქართული ოცნება" ტოვებს "ევროპელი სოციალისტების პარტიას". ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეიდან "ქართული ოცნება" თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პარტიასთან იმ საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას გვაქვს დასახული...

მართალია, "ევროპელი სოციალისტებიდან" ნაკლები ევროპარლამენტარი უჭერდა მხარს შესაბამის რეზოლუციებს, მაგრამ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორ "იყიდებოდა" ეს ყველაფერი ქართულ საზოგადოებაში - ბევრად უფრო მძიმე იყო, როცა მათი მესამედი უჭერდა მხარს ჩვენს საწინააღმდეგო რეზოლუციას, ვიდრე EPP მთელი თავისი შემადგენლობით გამოდიოდა ჩვენს წინააღმდეგ. იმიტომ, რომ EPP-ის წევრია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ გააკრიტიკა "ევროპელი სოციალისტების პარტია" იმის გამო, რომ მათი წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ ისეთ რეზოლუციებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას.

"შარშან და წელს რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სოციალისტური პარტიიდან“ მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არცერთხელ არ დაუგმია...

გასული წლების განმავლობაში, აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" "ევროპელი სოციალისტების პარტიის" დამკვირვებელი წევრი 2015 წლიდან იყო. ეს პოლიტიკური ჯგუფი აერთიანებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულ და ლეიბორისტულ პარტიებს.

ირაკლი კობახიძემ გამოთქვა იმედი, რომ გამოჩნდება პოლიტიკური ჯგუფი, რომელთანაც დაკავშირებული იქნება "ქართული ოცნება":

"იმედი გვაქვს, გამოჩნდება ევროპული ოჯახი, რომელთანაც ჩვენ ვიქნებით დაკავშირებული ამ ორი ასპექტით: პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა".

"ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბუდაპეშტში, რის გამოც მმართველმა პარტიამ კრიტიკა დაიმსახურა.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 4 მაისს გამოვიდა სიტყვით ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობდა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ მტრული ძალები საქართველოში „ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“ და რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას „უმცირესობის ძალადობისგან“.

"ევროპელი სოციალისტების პარტიამ", რომლის დამკვირვებელი წევრიცაა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში.

XS
SM
MD
LG