Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი EU-სგან განმარტებას ითხოვს შოვზე საგამოძიებო მასალის ფინალისტებში მოხვედრის გამო


შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან ითხოვს განმარტოს, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას "ევროკავშირის პრიზთან" დაკავშირებით, რომლის ფინალისტებს შორის იყო გელა მთივლიშვილის საგამოძიებო მასალა შოვზე. ამ საკითხზე მისთვის ჟურნალისტებს კითხვა არ დაუსვამთ - მისი თქმით, პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას ურჩევნია საგნობრივ საკითხებზე საუბარი და ამის მაგალითად დაასახელა ეს კონკრეტული მასალა.

"ჟურნალისტს რომ უწოდებენ, მთივლიშვილს ვგულისხმობ, რომელიც სტიქიის დღეებში პანიკას აწყობდა ტყუილებით და შემდეგ, სამწუხაროდ, ევროკავშირის კონკურსში ფინალშიც კი გავიდა ე.წ. საგამოძიებო ჟურნალისტიკის კატეგორიაში სტატია, რომელშიც ეწერა ტყუილები...

თითქმის ყველაფერი იქ იყო ტყუილი და როდესაც ასეთი ტყუილი სტატია ევროკავშირის ორგანიზებულ კონკურსში გადის ფინალამდე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, განმარტება გაკეთდეს, ვინ იყო იქ კომისიაში და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

რადიო თავისუფლება საპასუხო კომენტარების მისაღებად დაუკავშირდა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილსა და საქართველოში ევროინტეგრაციის წარმომადგენლობას. კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მეწყრული პროცესები განვითარდა. მიწის მოწყვეტილმა მასამ 33 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. "მთის ამბებმა" ამ საკითხზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა:

"სტიქია შოვში ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, საკურორტო ზონაში ერთი საევაკუაციო გეგმა, დაფა, ფირნიშიც კი არ არსებობდა. ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო სრულად არ აშენდა ჯებირი მდინარე ბუბაზე, რომელმაც გადაარჩინა სასტუმრო „სანსეტის“ დამსვენებლები და ურომლისოდაც დაიღუპა მამისონის კოტეჯების ყველა ბინადარი".

შოვზე მომზადებული მასალა "ევროკავშირის პრიზის" ფინალისტებს შორის დასახელდა, მან ეს კონკურსი ვერ მოიგო, თუმცა ამ მასალით ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ჟურნალისტური ეთიკის გამარჯვებული გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG