Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობებით, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს მამუკა გაწერელიას, რომელიც „აზოვსტალის" დასაცავად იბრძოდა


მამუკა გაწერელია.
მამუკა გაწერელია.

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლის, 22 წლის მამუკა გაწერელიას მიმართ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ ცნობები 20 თებერვალს „ტელეგრამ"-არხებით გავრცელდა. რუსეთის გენერალური პროკურატურის თანახმად კი, მას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული, სამი სამხედროს მკვლელობისა და შეირაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობაში.

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის" დასაცავად იბრძოდა, 2022 წლის 20 მაისს ტყვედ, მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას, „აზოვსტალის" დატოვების შესახებ.

„ტელეგრამ"-არხებით გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ მამუკა გაწერელიას 20 თებერვალს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ცნობას ერთვის დაპატიმრებული მებრძოლის საუბრის ამსახველი ვიდეო.

რადიო თავისუფლება ესაუბრა მამუკა გაწერელიას დედას, დალი ჩხეიძეს. მან გვითხრა, რომ შვილმა დაპატიმრების შემდეგ, პირველად გუშინ, 19 თებერვალს, ციხიდან დაურეკა. ის განაჩენის მოლოდინში იყო.

„[განაჩენის შესახებ] მე არაფერი ვიცი, „ტელეგრამ“-არხებიდან გავიგეთ ეს ყველაფერი და მეტი არაფერი არ ვიცით. გუშინ დამირეკა [მამუკამ] პირველად, ორი წლის განმავლობაში და არ ვიცი, ალაპარაკეს თუ თვითონ მეუბნებოდა, კარგად მექცევიანო, 20 თებერვალს სასამართლო პროცესი მაქვსო. დღეს ყოფილა განაჩენის გამოტანა და მითხრეს, რომ უვადო პატიმრობა მიუსაჯესო... არავისთან არ მქონია კავშირი, არც ადვოკატთან და მეტი არაფერი ვიცი", - თქვა დალი ჩხეიძემ.

შეკითხვაზე, რას აპირებს მეომრის ოჯახი, მამუკა გაწერელიას დედამ გვიპასუხა: „განაჩენს ველოდებოდით და ახლა შევაწუხებთ ვინმეს. მოსკოვშიც დავრეკავთ... უკრაინას მივმართეთ და უკრაინამ გვითხრა, ჩვენი მოქალაქე არ არის და ვერაფრით ვერ დაგეხმარებითო. საქართველოში „წითელი ჯვარს“ და სახალხო დამცველს მივმართეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დარეკილი გვაქვს და გვითხრეს, განიხილება და პასუხს გეტყვითო, ჯერ არაფერი არ არის".

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საგარეო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

რუსეთის მიერ უკრაინაში დატყვევებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ გასული წლის ნოემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად ყველა მექანიზმს გამოიყენებს.

„აზოვსტალის" ქართველი დამცველის შესახებ „ამერიკის ხმას" 2023 წლის დეკემბერში ესაუბრა ლაშა დიაროვი, „ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმის" დამფუძნებელი. მისი ინფორმაციით, მამუკას კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან და ოფიციალურად ირიცხებოდა მსროლელად, უკრაინის არმიის უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში. ლეგიონი თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დაქვემდებარებაშია.

როგორც დიაროვმა განმარტა, ტყვეთა გაცვლის პროგრამაში მამუკა გაწერელიას შეყვანა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მას აქვს საქართველოს პასპორტი, საქართველოს მოქალაქეა და შესაბამისად, რუსები „დაქირავებულ მებრძოლად“, ე.წ Наёмник-ად მიიჩნევენ“.

XS
SM
MD
LG