Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრო კულება რომის პაპის ინიციატივაზე: ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ამით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება რომის პაპის ინიციატივას უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობის შესახებ. კულება წერს, რომ უკრაინა არ აპირებს თეთრი დროშის აწევას და ვატიკანს ახსენებს, არ გაიმეორეს წარსულის შეცდომები გაუმართლებელი დაზავებების მოთხოვნით.

"ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც სიკეთესა და ბოროტებას შორის ომში სიკეთის მხარეს დგას, ვინც არ ცდილობს ამ ორი მხარის ერთ სიბრტყეზე დაყენებას "მოლაპარაკება" უწოდოს.

ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია. ეს არის დროშა, რომლითაც ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს ავწევთ სხვა დროშებს", - წერს უკრაინელი დიპლომატი და მადლობას უხდის რომის პაპს მშვიდობისთვის ლოცვების გამო. ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ პაპი ფრანცისკე იპოვის დროს და ესტუმრება უკრაინას იქ მცხოვრები კათოლიკეების გასამხნევებლად.

რომის პაპის ინიციატივა უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების შესახებ გაჟღერდა მის ინტერვიუში, რომელიც შვეიცარიის მაუწყებელს მისცა თებერვლის თვეში და რომლის სრული ვერსიაც 20 მარტს გამოქვეყნდება. ანონსად გავრცელებულ ფრაგმენტში ამ ინტერვიუდან, ჟურნალისტის კითხვაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ რომის პაპი ამბობს, რომ უკრაინას "თეთრი დროშის გამბედაობის" გამოჩენა მართებს რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად.

ამ ინტერვიუში რომის პაპი უკრაინის კონტექსტში პირველად ხმარობს ტერმინებს "თეთრი დროშა" და "დამარცხება", იმის მიუხედავად, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე მას ადრეც გაუკეთებია განცხადება. "თეთრი დროშა" ამ ინტერვიუში პირველად ინტერვიუერისგან ისმის პაპისთვის დასმულ კითხვაში.

მოგვიანებით ფრანცისკეს ნათქვამზე კომენტარი გააკეთა ვატიკანის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ:

"პაპს არ უგულისხმია, რომ უკრაინამ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს. მან მოლაპარაკებებისკენ მიუთითა ორივე მხარეს, რაც კაპიტულაციას არასდროს ნიშნავს".

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სრულად გაათავისუფლებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს. რუსეთისთვის ეს პირობა მიუღებელია.

XS
SM
MD
LG