Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი თვლის, რომ უკრაინას "თეთრი დროშის გამბედაობის" გამოჩენა მართებს რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად


რომის პაპი ლოცავს ვატიკანში, სან პედროს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს. 5 სექტემბერი, 2021 წელი
რომის პაპი ლოცავს ვატიკანში, სან პედროს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს. 5 სექტემბერი, 2021 წელი

რომის პაპი შვეიცარიის მაუწყებელ RSI-თან ინტერვიუში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს. ინტერვიუ, რომლის სრული ვერსიაც 20 მარტს გავა ეთერში, ჩაწერილია 2024 წლის თებერვალში. ჩანაწერის ფრაგმენტებში, რაც საჯარო გახდა, რომის პაპი უკრაინის კონტექსტში პირველად ხმარობს ტერმინებს "თეთრი დროშა" და "დამარცხება", იმის მიუხედავად, რომ მას უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე ადრეც გაუკეთებია განცხადება. "თეთრი დროშა" ამ ინტერვიუში პირველად ინტერვიუერისგან ისმის პაპისთვის დასმულ კითხვაში.

პაპ ფრანცისკეს ინტერვიუერი ეკითხება, თუ სად დგას ის დებატებში - იმ ხალხის მხარეს, ვინც თვლის, რომ უკრაინა უნდა დანებდეს, რადგან ვერ ახერხებს სათანადო წინააღმდეგობის გაწევას რუსეთისთვის თუ მიეკუთვნება ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, რომ ეს პოზიცია ლეგიტიმაციას უწევს რუსეთის აგრესიას უკრაინაში.

"მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმეები კარგად არ მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის", - განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა მოხდეს საერთაშორისო ძალების დახმარებით. მან ერთ-ერთ მომლაპარაკებელ ქვეყნად, რომელიც შესაძლოა ჩართული იყოს ამ პროცესში, თურქეთი დაასახელა.

მოგვიანებით ფრანცისკეს ნათქვამზე კომენტარი გააკეთა ვატიკანის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ:

"პაპს არ უგულისხმია, რომ უკრაინამ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს. მან მოლაპარაკებებისკენ მიუთითა ორივე მხარეს, რაც კაპიტულაციას არასდროს ნიშნავს".

პაპის ინტერვიუს ფრაგმენტის გამოქვეყნებისას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სწორედ თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან მართავდა შეხვედრებს. ამ შეხვედრის დასასრულს, თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მიიღოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები და რომ ის „მტკიცედ შეუწყობს ხელს ომის შემდგომ უკრაინის აღმშენებლობის მცდელობებს“.

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სრულად გაათავისუფლებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს. რუსეთისთვის ეს პირობა მიუღებელია.

XS
SM
MD
LG