Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გააორმაგა დენთის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის იმპორტი - WSJ


უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ, 2022 წელს, ნიტროცელულოზის იმპორტი რუსეთში გაიზარდა 70 პროცენტით.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ, 2022 წელს, ნიტროცელულოზის იმპორტი რუსეთში გაიზარდა 70 პროცენტით.

რუსეთმა გაზარდა ნიტროცელულოზის იმპორტი, რომელიც საარტილერიო ჭურვების დენთის წარმოებისთვისაც გამოიყენება. აშშ, გერმანია და ტაივანიც არიან ნიტროცელულოზის მწარმოებელ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ ნედლეულს რუსეთს ბოლო ორი წლის განმავლობაში აწვდიან. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი სავაჭრო მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ, 2022 წელს, ნიტროცელულოზის იმპორტი რუსეთში გაიზარდა 70 პროცენტით, 2023 წლის შუა რიცხვებისთვის იმპორტირებული იყო 3 039 ტონა ნედლეული - თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე 2021 წელს.

Wall Street Journal-ის თანახმად, მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს ნიტროცელულოზას, რადგან ის ძირითადად გამოყენება საბრძოლო მასალის წარმოებაში და ექვემდებარება შეზღუდვებს საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში. ნიტროცელულოზა ასევე გამოიყენება სამოქალაქო მიზნებისთვის, მაგრამ ანალიტიკოსები თვლიან, რომ მზარდი იმპორტი განკუთვნილია იარაღისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ეკონომიკა საომარ რელსებზეა გადასული.

ნიტროცელულოზას რუსეთი მცირე მოცულობით აწარმოებს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, ჩინეთმა რუსეთისთვის ამ ნედლეულის მარაგი გაზარდა. თუმცა, სავაჭრო მონაცემების თანახმად, ომის დაწყებიდან რუსეთში ნიტროცელულოზის იმპორტის თითქმის ნახევარზე პასუხისმგებელი იყო თურქეთის ერთი პატარა კომპანია Noy. მისი მეშვეობით რუსეთი აშშ-ში, გერმანიასა და ტაივანში წარმოებულ ნიტროცელულოზას ყიდულობს, - წერს Wall Street Journal-ი.

ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია International Flavors & Fragrances-ის გერმანულმა ფილიალებმა მინიმუმ 80 ტონა ნიტროცელულოზა მიჰყიდეს თურქულ კომპანია NOY-ს, რომელმაც შემდეგ პროდუქცია რუსეთში გადაიტანა. ტაივანური კომპანია TNK Industrial-მა 500 ტონაზე მეტი ნიტროცელულოზა აწარმოვა, რომელიც NOY-მ რუსეთში გასულ წელს გააგზავნა.

გარდა ამისა, რუსეთის იმპორტიორმა კომპანია Analytical Marketing Chemicall Group-მა ბოლო ორი წლის განმავლობაში ტაივანიდან თითქმის 700 ათასი დოლარის ღირებულების ნიტროცელულოზა მიიღო. ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ იგი არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყაზანის დენთის ქარხნის მუდმივი პარტნიორი. ორგანიზაციამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია ნიტროცელულოზის იმპორტს სამოქალაქო მიზნებისთვის ახორციელებს. კომპანია International Flavors & Fragrances-ში განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ მესამე ქვეყნის გავლით რუსეთში თავიანთი პროდუქციის მიწოდების შესახებ. ზოგიერთმა კომპანიამ განაცხადა, რომ მათ ნედლეულში არ შედის სამხედრო მიზნებისთვის გამოსაყენებლად საკმარისი აზოტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG