Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს კვლავ მიეწოდება უკრაინის წარმოების შვეულმფრენებისა და თვითმფრინავებისათვის სათადარიგო ნაწილები


ზაპოროჟიეში მდებარე კომპანია Motor Sich-ის მიერ გამოშვებული ტურბორეაქტიული ძრავა (არქივის ფოტო)
ზაპოროჟიეში მდებარე კომპანია Motor Sich-ის მიერ გამოშვებული ტურბორეაქტიული ძრავა (არქივის ფოტო)

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში კომპანია „ვია ფედ სერვისმა“ სულ მცირე 650 მილიონი რუსული რუბლის (დაახლოებით 5,7 მილიონი $-ის) სათადარიგო ნაწილებით მოამარაგა რუსეთის საავიაციო მრეწველობა.

ამასთან, როგორც „ვაჟნიე ისტორიისა“ და OCCRP-ის (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი - რედ.) ახალ ერთობლივ გამოძიებაშია ნათქვამი, ამ თანხის ნახევარზე მეტის, 370 მილიონი რუბლის ღირებულების სათადარიგო ნაწილები რუსეთში უკრაინიდან მოხვდა.

ვის ეკუთვნის კომპანია „ვია ფედ სერვისი“? რა სქემით ახერხებს იგი, სანქციების მიუხედავად, რუსეთის საავიაციო წარმოების უზრუნველყოფას? და რა კავშირი ჰქონდა ერთ-ერთ არალეგალურ სქემასთან აშშ-ში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეს, ოლეგ ფაცულიას?

"შუამავალი ფირმები" და მათი სქემები

საბაჟო დეკლარაციების შესწავლის შედეგად გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ივლისამდე პერიოდში, „ავია ფედ (ФЭД ნიშნავს ფელიქს ედმუნდის ძე ძერჟინსკის, რომლის სახელსაც კამპანია ატარებს - რედ.) სერვისმა“ შემდეგი სახელწოდების დეტალების იმპორტი განახორციელა:

  • დაახლოებით 120 მილიონი რუბლის (დაახლოებით $1,3 მლნ) ღირებულების ძრავები ხარკოვის მანქანათმშენებლობის ქარხნის წარმოების თვითმფრინავ AN-124-ისთვის;
  • 67 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების ($755 ათასი) სათადარიგო ნაწილები, კიევის ქარხანა „რადარის“ გამოშვებული შვეულმფრენ KA-32-ის სალოკაციო სადგურებისთვის. კომპანია „მოტორ სიჩის“ გამოშვებული AN-24-ისა და AN-12-ის ძრავებისათვის საჭირო დეტალები;
  • და ასევე კიევის ქარხანა „არტემისა“ და სხვა უკრაინული საწარმოების მიერ გამოშვებული, დაახლოებით 179 მილიონი რუბლის ($1,9 მილიონი) ღირებულების პროდუქცია.

უკრაინული ნაწილების გარდა, „ავია ფედ სერვისმა“ სათადარიგო ნაწილები საფრანგეთიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან შეიტანა.

რუსული კომპანია „ავია ფედ სერვისი“ დაარსდა 1993 წელს, როგორც ფელიქს ძერჟინსკის სახელობის ხარკოვის მანქანათმშენებლობის ქარხნის წარმომადგენლობა. მისი ხელმძღვანელი, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, არის ლუგანსკის ბინადარი ალექსანდრ რეშეტკინი, რომელიც თავის დროზე ხარკოვის საავიაციო ინსტიტუტში სწავლობდა.

სახელმწიფო შესყიდვების მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ კომპანიის კლიენტები არიან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო კორპორაცია „როსტექის“ კუთვნილი საწარმოები და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური საავიაციო რაზმი „როსია“.

ჯერ კიდევ 2014 წელს, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული შეიარაღებული სეპარატისტული კონფლიქტის შემდეგ, ხარკოვის ქარხანამ (ХМЗ ФЭД) შეუწყვიტა პროდუქციის მიწოდება თავის რუსულ წარმომადგენლობას, ხოლო 2018 წელს „ავია ფედ სერვისი“ უკრაინული სანქციების ქვეშ მოყვა, მაგრამ ამით, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რუსული საავიაციო ინდუსტრიისთვის უკრაინული სათადარიგო ნაწილების იმპორტი არ შეწყვეტილა.

რუსული კომპანიის დამფუძნებლებმა, ჟურნალისტების მტკიცებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE) დააარსეს კომპანია Linker-ი, რომლითაც სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, შუამავალი კომპანიების მეშვეობით, „მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“, მათ შორის რუსეთშიც თავისუფლად ხვდება.


„ეს შეიძლება საკმაოდ მარტივად: იქმნება შუამავალი კომპანია მეგობრულ თუ არამეგობრულ, სინამდვილეში ნებისმიერ ქვეყანაში. ეს კეთდება იმიტომ, რომ თავგზა აუბნიოს, ვთქვათ, იმავე კომპანია "ბოინგ ეირბასს", რომელმაც განაცხადა, რომ აღარ ივაჭრებს და საერთოდ არანაირი საქმე არ ექნება რუსეთთან და ფიქრობს, სურს სჯეროდეს, რომ ფორმალურად სათადარიგო ნაწილებს სხვა ქვეყნებს აწვდიან - არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ჩინეთს, თურქეთს და თვით ევროპის ქვეყნებს და, რომ ეს სათადარიგო ნაწილები იქ რჩება. მაგრამ, როგორც ჩვენ დავადგინეთ, ყველა სათადარიგო ნაწილი როდი რჩება ამ ქვეყნებში, არამედ საკმაოდ უმტკივნეულოდ ხვდებოდა რუსეთში. და ასეთი ძალიან მოსახერხებელი სქემით, იგივე კორპორაციები, რომლებიც პირობას დებდნენ, რომ არ ივაჭრებდნენ რუსეთთან, ფორმალურად მართლაც არ ვაჭრობენ, მაგრამ ძალიან არ ეწინააღმდეგებიან იმას, რომ შეიქმნას შუამავალთა გარკვეული "პული" (ჯგუფი). ასეთ ჯგუფს სინამდვილეში ომამდეც ჰქონდა საქმე რუსეთთან, მაგრამ შემდგომ ჩამოყალიბდა შუამავალთა აბსოლუტურად ახალი "პული", რომლის წევრებმაც გადაწყვიტეს მიეღოთ მოგება და სწორედ მათი მარჯვე მოხერხებული ხელებით მიმდინარეობს აი, ასეთი საინტერესო ვაჭრობა“, - უთხრა ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ პროექტ „ვაჟნიე ისტორიის“ გამომძიებელმა ჟურნალისტმა რომან რომანოვსკიმ.

ზემოხსენებულ კომპანია Linker-ს აქვს თავის საიტი რამდენიმე ენაზე, მათ შორის რუსულზე. იქ ნათქვამია, რომ კომპანია დაკავებულია შვეულმფრენების: MI-8-ის, MI-17-ისა და KA-32-ის ავიადეტალების მოწოდებით. ხოლო კომპანიის მმართველად საიტზე მითითებულია ანდრეი კურტა, რომელიც სოციალურ ქსელ „ვ კონტაქტეს“ თანახმად, დაიბადა ჩერნიგოვში (უკრაინაში) და დაამთავრა ნიკოლაი გოგოლის სახელობის ნეჟინსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ხოლო კომპანიის მფლობელი უნდა იყოს კიდევ ერთი უკრაინელი, ალექსეი პალჩიკი.

"თუ ეს ჩვენ შევძელით, ამ კომპანიებმაც უნდა შეძლონ"

კომპანია Linker-ი უკრაინულ პროდუქციას, რომელსაც რუსეთს აწვდიდა, იღებდა კომპანია Motor Sich-ისგან, რომლის დირექტორი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი 2022 წლის ოქტომბერში უკრაინაში დააკავეს ღალატის ბრალდებით, რომელიც ასე იყო ფორმულირებული: „რუსული მოიერიშე ავიაციისთვის სამხედრო საქონლის უკანონო მიწოდება“.

პროექტ „ვაჟნიე ისტორიისა“ და OCCRP-ის მიერ საბაჟო მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ პროდუქცია უკანასკნელად Linker-მა „ავია ფედ სერვისის“ მისამართზე 2023 წლის იანვარში მიაწოდა. ხოლო ამის შემდეგ რუსული კომპანია „ავია ფედ სერვისისათვის“ მაკომპლექტებელი მასალები იგზავნებოდა ყირგიზული კომპანია „ბაკაიტორგ 1“-ის გზით, რომელიც 2023 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა.

გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, „ბაკაიტორგ 1“-მა უკვე მოასწრო კომპანია „ავია ფედ სერვისისათვის“ უკრაინაში გამოშვებული (ХМЗ ФЭД-ის) 40 მილიონი რუსული რუბლის ($4,5 მილიონი) ღირებულების პროდუქციის მიყიდვა.

ასეთი სქემების გამოვლენა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, - ამბობს რომან რომანოვსკი.

„არსებობს სირთულე, რადგან ცდილობენ მაქსიმალურად აბურდონ სქემა, იყენებენ "რუხ ზონებს", როგორიცაა არაბთა საამიროები, სადაც არ არსებობს საჯარო საბაჟო მონაცემები, რის გამოც ძნელია კომპანიაში ბენეფიციარების დადგენა. ასეთი ფაქტები მართლაც ხდება, მაგრამ განზე რომ გადავდოთ იმ ისტორიების ნახევარი, რომლებიც ჩვენ გამოვააშკარავეთ, მე ვხედავ, რომ თუ ეს ჩვენ შევძელით, მაშინ ეს ამ კომპანიებმაც უნდა შეძლონ“.

უფრო ადრე „ვაჟნიე ისტორიი“ წერდა, რომ რუსულმა ავიაკომპანიებმა, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, სანქციების გვერდის ავლით, შეიძინეს თვითმფრინავების Boeing-ისა და Airbus-ისათვის განკუთვნილი, 18 მილიარდი რუბლის (189 მილიონი დოლარი) ღირებულების სათადარიგო ნაწილები.


ხოლო მომწოდებლებს შორის იყვნენ ფირმები ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან. გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ კი მიმდინარე წლის მაისში იუწყებოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, 2022 წელს ქვეყანაში არაერთი დასავლეთევროპული და ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული მილიონობით დოლარის ღირებულების თვითმფრინავის ნაწილები შეიტანეს.

ერთ-ერთი ამგვარი სქემის ორგანიზატორები შესაძლოა, ყოფილიყვნენ აშშ-ში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ოლეგ ფაცულია და მისი ბიზნესპარტნიორი. NYT-ის თანახმად, ეს პირები 2023 წლის მაისის დასაწყისში დააკავეს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.

„სინამდვილეში ასეთი საქმიანობა დასჯადია, მაგრამ ასეთი ქეისები (შემთხვევები) ძალიან ცოტაა. ერთი ასეთი შემთხვევა რუს მოქალაქეებთან დაკავშირებით, მოხდა ამერიკაში. მათ შექმნეს ძალიან მოხერხებული სქემა, რომლის საშუალებითაც ხდებოდა კორპორაცია „ბოინგის“ სათადარიგო ნაწილების შესყიდვა ამერიკული კომპანიისთვის, შემდეგ ხდებოდა კვალის არევა და საქონელი თურქეთის გავლით რუსეთს მიეწოდებოდა“, - აღნიშნავს რომან რომანოვსკი.

„ვაჟნიე ისტორიის“ შეკითხვის კომენტირებისას „ავია ფედ სერვისის“ დირექტორმა ალექსანდრ რეშეტნიკმა თქვა, რომ უკრაინული ქარხნების პროდუქცია, რომლებიც მისმა კომპანიამ თავის მომხმარებლებს 2022-2023 წლებში გადასცა, ადრე, 2020-2021 წლებში იყო შეძენილი და უბრალოდ „ჩაწოლილი იყო საზღვარგარეთ“. მაგრამ რეშეტნიკმა არ უპასუხა კითხვას, თუ როგორ გახდა შესაძლებელი ამ პროდუქციის მიწოდება „ბაკაიტორგ 1“-ის მეშვეობით, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდა.

თავის მხრივ, კომპანია Linker-ის მფლობელმა, ალექსეი პალჩიკმა „ვაჟნიე ისტორიის“ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მის კომპანიას „უკრაინიდან რუსეთში არასდროს არაფერი მიუწოდებია და არც აწვდის“. მაგრამ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, აწვდიდა თუ არა Linker-ი პროდუქციას კომპანია „ავია ფედ სერვისს“, პალჩიკმა აღნიშნა, რომ „მზად არ არის“ პასუხისთვის.

ხოლო ყირგიზული კომპანია „ბაკაიტორგ 1“-ის ხელმძღვანელობა გამომძიებელ ჟურნალისტებთან კავშირზე საერთოდ არ გამოვიდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG