Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა გენერალ კუზნეცოვის დაკავება


ფოტო არქივიდან. გენერალი კუზნეცოვი აჯილდოებს ცენტრალურ ჰოსპიტალში მყოფ სამხედროებს. 2023 წლის ივნისი
ფოტო არქივიდან. გენერალი კუზნეცოვი აჯილდოებს ცენტრალურ ჰოსპიტალში მყოფ სამხედროებს. 2023 წლის ივნისი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ დღეს, 14 მაისს, მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.

მან დაადასტურა მანამდე სააგენტო “ტასის” მიერ გავრცელებული ცნობა კუზნეცოვის დაკავების შესახებ. პეტრენკოს ინფორმაციით, სასამართლომ კუზნეცოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის თანახმად, იური კუზნეცოვის ფაქტობრივ საცხოვრებელსა და რეგისტრაციის მისამართზე „აღმოჩენილი და ამოღებულია" 100 მილიონ რუბლზე მეტი, ოქროს მონეტები, საკოლექციო საათები და ფუფუნების საგნები.

ვინ არის რუსი გენერლის ადვოკატი და რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს, ამის შესახებ რუსული მედია ჯერჯერობით არაფერს წერს.

იური კუზნეცოვი ბოლო სამ კვირაში დაკავებული მეორე გენერალია. 23 აპრილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დააკავეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი ტიმურ ივანოვი, რომელიც ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. მეორე დღეს მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ გენერალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივანოვი სამხედრო-სამშენებლო კომპლექსს კურირებდა.

რუსეთის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩეულად გამოცხადებულმა ვლადიმირ პუტინმა, 7 მაისს გამართული ინაუგურაციიდან ხუთ დღეში თავდაცვის მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა სერგეი შოიგუ, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა, თავდაცვის მინისტრად კი ფედერაციის საბჭოს წარუდგინა პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG