Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სტუდენტების გაფიცვას ხელს არ შევუწყობთ“ - ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი


დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი
დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხელს არ შეუწყობს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ სტუდენტთა გაფიცვას - ამის შესახებ რექტორმა დავით გურგენიძემ უთხრა უნივერსიტეტთან მისულ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. 

ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ 36 უნივერსიტეტს შორის, რომლებმაც განაცხადეს, რომ „ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს“.

„არ შეიძლება გაფიცვა. როცა იქნება საშუალება, [გაფიცულ სტუდენტებს] აღუდგენენ ლექციებს, როგორც იქნება ამის საშუალება... არ არის ეს რუსული კანონი... სტუდენტების გაფიცვას ხელს არ შევუწყობთ... თქვენი გამოხატვის თავისუფლებაა, დადექით და იდექით, ვინ გიშლით ხელს?!“ - თქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

პარლამენტში „აგენტების კანონის“ ხელახალი ინიციირების შემდეგ საქართველოში ხალხმრავალი აქციები დაიწყო. აქციებს მართავენ სტუდენტებიც, მათი ნაწილი გაიფიცა. სწორედ ამ დროს, 38 უნივერსიტეტის რექტორთა სახელით გავრცელდა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ პროტესტის ამ ფორმას. ამ უნივერსიტეტებს შორის არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია და ა.შ. უნივერსიტეტების ჩამონათვალში არ არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მოგვიანებით საერთო განცხადებიდან საკუთარი ხელმოწერა გაითხოვეს კავკასიის უნივერსიტეტმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.

საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პროტესტი არ წყდება, ათასობით მოქალაქე ქუჩებში ყოველდღე გამოდის - მათი თქმით, ეს კანონი რუსული მეთოდებით ცდილობს გააჩუმოს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები. ამის საპირწონედ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კანონი ქართულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG