Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება


კომპანია Maxar-ის სატელიტურ ფოტოზე ასახულია ბელბეკის სამხედრო აეროდრომი სევასტოპოლზე 16 მაისს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შემდეგ.
კომპანია Maxar-ის სატელიტურ ფოტოზე ასახულია ბელბეკის სამხედრო აეროდრომი სევასტოპოლზე 16 მაისს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შემდეგ.

12 ივნისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. მოსკოვის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევის თანახმად, რუსმა სამხედროებმა უკრაინელების სარაკეტო შეტევა მოიგერიეს.

რაზვოჟაევის მიერ ტელეგრამ-არხით გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების ნამსხვრევები ქალაქის რამდენიმე საცხოვრებელ რაიონში ჩამოცვივდა, თუმცა, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, საავტომობილო ტრანსპორტისთვის დროებით დაკეტეს ყირიმის ხიდი. მიზეზი დასახელებული არ ყოფილა, თუმცა, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა სევასტოპოლზე სარაკეტო შეტევას.

უკრაინის თავდაცვის ძალები დრონებით და რაკეტებით პერიოდულად უტევენ სევასტოპოლში განთავსებულ რუსულ სამხედრო ობიექტებს. მათ შორის ბელბეკის აეროდრომს, სადაც დისლოცირებულია რუსეთის 38-ე საავიაციო პოლკი.

2023 წლის სექტემბერში სარაკეტო დარტყმა იყო სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზეც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG