იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ არ აპირებს მეორე ვადით იყაროს კენჭი მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDP) ხელმძღვანელის არჩევნებში, ხოლო სექტემბერში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს.
კიშიდას მხარდაჭერა მკვეთრად შესუსტდა მისი პარტიის გარშემო აგორებული კორუფციული სკანდალის, ცხოვრების ხარჯების ზრდისა და ეროვნული ვალუტის - იენის - ვარდნის გამო. გასულ თვეში კიშიდას მხარდაჭერის რეიტინგი 15,5 პროცენტამდე დაეცა, რაც ათწლეულის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის.
"გამჭვირვალე და ღია არჩევნები, თავისუფალი და ენერგიული დებატები ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩემი წასვლაა ყველაზე აშკარა პირველი ნაბიჯი იმის საჩვენებლად, რომ LDP იცვლება”, - აღნიშნა კიშიდამ პრესკონფერენციაზე.
მიუხედავად საზოგადოების კრიტიკისა და რეიტინგის დაცემისა, მანამდე კიშიდა უარყოფდა პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგომის შესაძლებლობას.
კიშიდა 2021 წელს აირჩიეს მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ, ხოლო მისი სამწლიანი ვადა სექტემბერში იწურება. მისი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პარტიის მომავალი, ახალი ლიდერი მას შეცვლის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რადგან LDP აკონტროლებს პარლამენტის ორივე პალატას. პარტია ხელისუფლებაში თითქმის უწყვეტადაა 1955 წლიდან.
ფორუმი