მსვლელობისას თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, ლეონიძის ქუჩის დასაწყისში პოლიციამ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ადამიანი დააკავა.
დემონსტრანტებმა, რომლებიც საფეხმავლო „ზებრა-გადასასვლელზე“ მოძრაობდნენ, გზის სავალი ნაწილის დაკავება სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. იყო შეხლა-შემოხლა, რა დროსაც პოლიციელებმა ერთი ადამიანი მანქანაში ჩასვეს და გაიყვანეს.
მანამდე დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე ხმაური იყო პარლამენტის წინ. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით დაშალა.
სავარაუდოდ, იმ ეპიზოდში დააკავეს სამი ადამიანი.
რადიო თავისუფლება ელის დაკავებულთა შესახებ დაზუსტებულ მონაცემებს ორივე - როგორც რუსთაველის გამზირის, ასევე ლეონიძის ქუჩის - შემთხვევაში მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
ამასთან, ლეონიძის ქუჩაზე ერთ-ერთმა გამვლელმა ავტომობილიდან დემონსტრანტებს „გამყიდველები“ უწოდა.
აქცია-მსვლელობა პოლიციელთა მეთვალყურეობით გრძელდება - დემონსტრანტებს ათობით პოლიციელი მიჰყვება და სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევს.
აღდგომის დღეს, გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციამ მიხეილ სამხარაძე და გიორგი ორთოიძე ადმინისტრაციული წესით დააკავა.ორივე მათგანი ამ დრომდე იზოლატორში რჩება.
დღევანდელ აქცია სწორედ მათდამი სოლიდარობის ნიშნად ტარდება.
ფორუმი