23 აპრილს, შუაღამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა უკრაინას ისევ შეუტიეს უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ოდესაში ხანძარი გაუჩნდა სახლებს და კერძო საწარმოების შენობებს. კონკრეტულად რომელ საწარმოებს, სამსახური არ აკონკრეტებს.
წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ორი ადამიანი. ხანძრების ლიკვიდაციაში მაშველებთან ერთად მონაწილეობდნენ მოხალისეები და ეროვნული გვარდიის ჯგუფები.
დრონებით ექვსი დარტყმა იყო ქალაქ ხარკოვის ნოვობავარის რაიონზე. ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, შეტევამ მასშტაბური ხანძრები გამოიწვია.
უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან პოლტავიდან. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილის შვიდი საათისთვის ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დაზიანებულია სახლები, სამოქალაქო საწარმოები და საწყობები. დაშავდა სამი ადამიანი.
დრონებით მოსალოდნელი თავდასხმის გამო შუაღამის შემდეგ საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევში და კიევის ოლქშიც. განგაშის რეჟიმი ღამის სამი საათისთვის მოიხსნა.
განახლება: პოლტავის საოლქო ადმინისტრაციამ დილით გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები, რომელთა თანახმად, ქალაქ პოლტავაზე 13 რუსული დრონით შეტევის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, პოდოლსკის რაიონში დანგრეულია კერძო სახლი და დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ორი სამოქალაქო საწარმოს საწყობები, ხოლო შევჩენკოს რაიონში - ორი საოფისე შენობა და რამდენიმე მრავალბინიანი სახლი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის ოლქის ბროვარის რაიონში რუსული დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია სასტუმროსა და რესტორანში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შესახებ, როგორც წესი, არაფერს ამბობს და მუდმივად იმას აცხადებს, რომ სამიზნე სამხედრო დანიშნულების ობიექტებია.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს 19 აპრილის საღამოდან გამოცხადებული ჰქონდა „სააღდგომო ზავი“, რომლის მოქმედების ვადა 21 აპრილიდან ამოიწურა.
ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, 20 აპრილს ღამით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ „სააღდგომო ზავის“ დროს ფრონტის ძირითად მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა, თუმცა უკრაინაში არ ყოფილა საჰაერო განგაში, ამ ფორმატის შენარჩუნება ყველაზე მარტივად შეიძლება, ამიტომ კიევის წინადადებაა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონებით და რაკეტებით დარტყმების შეწყვეტა კიდევ, სულ მცირე, 30 დღით და გაგრძელების შესაძლებლობით.
რუსეთმა ეს წინადადება უარყო.
ფორუმი