Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს განმარტავს, რომ SMS-ით ჯარიმა მოქალაქეებმა მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის მიიღეს


ფოტო არქივიდან: პროევროპული აქცია თბილისში
ფოტო არქივიდან: პროევროპული აქცია თბილისში

მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში საჯარიმო შეტყობინებების შესახებ დაწერეს და თქვეს, რომ პოლიცია მათ ავტომობილის გაჩერების წესის დარღვევისთვის აჯარიმებდა მაშინ, როცა სატრანსპორტო საშუალებები საერთოდ არ ჰყავთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება გაავრცელა. 

უწყების პრესსამსახურის განცხადების მიხედვით, ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მსგავსი შეტყობინება მიიღეს, ედავებიან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევას, სატრანსპორტო საშუალება კი „ტექნიკური ხარვეზის“ გამო არის ნახსენები.

შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს, წერია, რომ ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით. ამ მუხლით ადამიანს აჯარიმებენ „მანიფესტაციების შესახებ კანონის“ დარღვევისთვის - სახის ნიღბის ტარება ან ლაზერის ფლობა, ან გზის ხელოვნურად გადაკეტვა და ა.შ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე. ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს“, - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე და იურისტი ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ ამით შსს-მ „საქმე გაიმარტივა“. მისი თქმით, საჯაროდ გამოქვეყნებულად ითვლება განცხადება SMS შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში, შემდეგ 10 დღეში კი შესაძლებელია მისი გასაჩივრება.

„ამ 30 დღის გასვლიდან 10 დღე არის ბოლო ვადა, როცა შესაძლებელი არის გასაჩივრება, თუმცა შეგიძლიათ ხვალვე შეიტანოთ საჩივარი. ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გასაჩივრებით ამ ჯარიმის მოქმედებას გააჩერებთ, ამიტომ არ დაიზაროთ“, - წერს ნიკა სიმონიშვილი ფეისბუკში.

საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების შესაზღუდად არაერთი კანონი მიიღო: გაზარდა ჯარიმები, აკრძალა ლაზერების, ნიღბებისა და პიროტექნიკის გამოყენება.

„გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ ასობით ადამიანი დააჯარიმეს, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG