ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე იკითხება მთავარი მოწმე, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. სხდომაზე მოსამართლემ შესვენება იმისთვის გამოაცხადა, რომ დარბაზიდან გაეშვა ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღები ჯგუფი, რომელსაც ვიდეოგადაღების უფლება ჰქონდა და მასალას სხვა ჟურნალისტებს უზიარებდა.
„ვხედავ, რომ მიუხედავად არაერთი განმარტებისა, მას არ ჰქონდა პირდაპირი ტრანსლირების უფლება, [ამიტომ] ჟურნალისტმაც და ოპერატორმაც დატოვოს სხდომის დარბაზი“, - თქვა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.
მას ჟურნალისტს არ მისცა განმარტების გაკეთების უფლება.
საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლო სხდომის გადაღების უფლებას მოსამართლე მხოლოდ ერთ ტელევიზიას აძლევს. მოსამართლეთა ნაწილი თანხმდება პირდაპირ ტრანსლირებას, ნაწილი კი წინააღმდეგია ხოლმე.
იმისათვის, რომ ვიდეომასალის გავრცელებაში ნაკლები დრო დაიხარჯოს, „ლაივ სიგნალის“ საშუალებით სასამართლო სხდომები ჟურნალისტების შიდა, დახურულ ჯგუფებში გადაიცემა, მედიასაშუალებები მას იწერენ და ამუშავებენ. ასე გადაიცემოდა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომები დღესაც და ყველა წინა სხდომაზე. თუმცა მთავარი მოწმის დაკითხვის დროს მოსამართლე ამ პრაქტიკას შეეწინააღმდეგა და დარბაზი დაატოვებინა „ფორმულის“ ჯგუფს. ეს კონკრეტული სხდომა “ფორმულის” სატელევიზიო ეთერშიც გადაიცემოდა. ტელეარხმა განმარტა, რომ სიგნალს ეთერში რამდენიმეწუთიანი დაგვიანებით უშვებდნენ, როგორც ეს კანონმდებლობით არის დადგენილი.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დღეს, 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მთავარი მოწმე, დაზარალებულის სტატუსის მქონე ირაკლი დგებუაძე იკითხება. სწორედ მისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება - მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან.
12 მაისს ოთხი თვე შესრულდება მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან. ის წინასწარ პატიმრობაშია. ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
ფორუმი