უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრებისთვის მზად არიან, რაც იციან როგორც ამერიკულმა, ისე რუსულმა მხარეებმა.
პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, თუ პუტინისთვის ორმხრივი შეხვედრა არაკომფორტულია ან სურთ, რომ იყოს სამმხრივი შეხვედრა ტრამპთან ერთად, მზად არის ნებისმიერი ფორმატისთვის.
რაც შეეხება აშშ-ის ძალისხმევით უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებას, რომლის ერთი რაუნდი 16 მაისს სტამბოლში გაიმართა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისევ გაიმეორა, რომ შემდგომი მოლაპარაკებებისთვის სტამბოლის გარდა, განიხილავენ ვატიკანს და შვეიცარიას.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კიევს სურს მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობაც, მაგალითად, უსაფრთხოების საკითხებზე.
განახლება: რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში 28 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პუტინის და ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ ის უნდა იყოს ორი ქვეყნის დელეგაციების მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული კონკრეტული შეთანხმებების შედეგი.
27 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკების მეორე რაუნდისთვის კარგი ადგილი ისევ სტამბოლი იქნებოდა.
თავის მხრივ, ჰაკან ფიდანმა დაადასტურა, რომ თურქეთი ამისთვის ყოველთვის მზად არის.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, დღეს, 28 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკების მეორე რაუნდზე, რომლის შესახებაც უახლოეს ხანში გამოცხადდება, მოსკოვი მოითხოვს რუსულ ენასთან, კულტურასთან და რელიგიასთან დაკავშირებით უკრაინაში მოქმედი „დისკრიმინაციული კანონების" გაუქმებას.
16 მაისს სტამბოლში მოლაპარაკების პირველი რაუნდის შედეგად უკრაინა და რუსეთი 1000-1000 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვდა თურქეთში პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას და თავად თურქეთში გაემგზავრა კიდეც. პუტინი თურქეთში არ ჩასულა. რუსეთის პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში თურქეთში ჩასვლას არ გამორიცხავდა აშშ-ის პრეზიდენტიც.
უკრაინისგან განსხვავებით რუსეთი ამ დრომდე არ დასთანხმებია აშშ-ის და ევროპის სახელმწიფოთა წინადადებას, სულ მცირე, 30 დღით ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტის შესახებ.
სტამბოლში მოლაპარაკების პირველი რაუნდიდან სამ დღეში, 19 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინულ მხარეს შესთავაზებს მემორანდუმს მომავალი, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს გარკვეულ პოზიციები.
როგორც პუტინმა თქვა, მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო ვადები და ა.შ. მათ შორის გარკვეული ვადით ცეცხლის შეწყვეტა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.
პასუხად უკრაინამ განაცხადა, რომ მემორანდუმის საკუთარ ვარიანტს მოამზადებს.
27 მაისს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ უკრაინისგან უკვე მიიღეს დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია უკრაინის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობები, რუსეთისგან კი ანალოგიურ დოკუმენტს ჯერ კიდევ ელოდებიან.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებდა.
ბოლო ხანს ტრამპის ადმინისტრაციაში არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ უახლოეს ხანში პროგრესი არ იქნება, სამშვიდობო ძალისხმევის გაგრძელებაზე შესაძლოა, უარი თქვან.
პროგრესის არარსებობის გამო აშშ-ის პრეზიდენტი როგორც რუსეთის, ისე უკრაინის პრეზიდენტებს აკრიტიკებს.
ფორუმი