Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და რუსეთმა დაასრულეს ტყვეების გაცვლა „1000-1000-ზე“ ფორმულით


ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნებული უკრაინელი ჯარისკაცი შვილთან ერთად. 2025 წ. 24 მაისი
ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნებული უკრაინელი ჯარისკაცი შვილთან ერთად. 2025 წ. 24 მაისი

25 მაისს რუსეთმა და უკრაინამ კიდევ ერთხელ გაცვალეს სამხედრო ტყვეები - ამჯერად „303-303-ზე“ ფორმულით. ამის შესახებ განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

„აუცილებლად დავაბრუნებთ თითოეულ მათგანს“, - დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram-არხზე.

25 მაისის გაცვლით დასრულდა სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების ეტაპობრივი გაცვლის შეთანხმება ფორმულით „1000-1000-ზე“, რომელიც მიღწეული იქნა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სტამბოლში 16 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე. ექსპერტთა შეფასებით, ეს იყო ორ ქვეყანას შორის პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები ბოლო სამი წლის განმავლობაში.

ტყვეთა გაცვლის წინა ორი ეტაპი 23 და 24 მაისს გაიმართა. 23 მაისს მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს 270-270 სამხედრო ტყვე და 120-120 მშვიდობიანი მოქალაქე. 24 მაისს კი სამხედრო ტყვეების გაცვლა განხორციელდა „307-307-ზე“ ფორმულით“.

ტყვეების გაცვლის პარალელურად არ შეწყვეტილა რუსეთის ყოველდღიური მასობრივი საჰაერო იერიშები უკრაინაზე როგორც დრონებით, ასევე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით.

რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლოს ტყვეთა მასშტაბური გაცვლა მოხდა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით 19 აპრილსა („246-246-ზე“ ფორმულით) და 6 მაისს („205-205-ზე“ ფორმულით).


ფორუმი

XS
SM
MD
LG