სხდომა სამ საათზე იყო დანიშნული და მისი მხარდამჭერები სასამართლოს დარბაზის კარის გახსნამდე თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ითვლიდნენ, მათგან რამდენი შეძლებდა დაჯდომას პატარა დარბაზის შვიდ ხის სკამზე, რომელთაგან თითოეულზე ჩვეულებრივ ოთხი ადამიანი ეტევა. დარბაზის კარის გახსნის შემდეგ, მანდატურებმა სხდომაზე დასწრების მსურველებს ნება დართეს, მჭიდროდ დამსხდარიყვნენ, ერთ სკამზე - ხუთი, რამაც საბოლოოდ დარბაზში შესვლის შესაძლებლობა მისცა გათვალისწინებულზე შვიდით მეტ ადამიანს.
"პირველ რიგში, სოლიდარობა საბა ჯიქიას. ვერასდროს რეჟიმი სინათლეს ვერ დააბნელებს.
წლები გავიდა ჩემი მეგობრის, კოლეგის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან, რომელიც მოკლა რეჟიმმა.
ნებისმიერი ფორმით გადაეცით სამძიმარი ონისე ცხადაძეს. ძალიან დამთრგუნა მამამისის გარდაცვალებამ", - თქვა დარბაზში შესვლისას ნიკა კაციამ და შემდეგ პირდაპირ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა:
- თქვენ მინდა გკითხოთ, მშვიდად გეძინათ იმ უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, რაც გუშინ მიიღეთ?
- დაასრულეთ? მაშ დავიწყოთ სხდომა! - უთხრა მას მოსამართლემ. თამარ მჭედლიშვილმა, რომელიც პოლიტპატიმრად მიჩნეული არაერთი ადამიანის საქმეს განიხილავს, გუშინ, 10 ივლისს, 4 წლითა და 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის სტუდენტ საბა ჯიქიას.
სხდომის გახსნის შემდეგ სასამართლომ მტკიცებულებები გამოიკვლია - მათ შორის იყო 14 გრამი კოკაინი, რომლის ფლობასაც ედავება გამოძიება ნიკა კაციას. იგი ამბობს, რომ ეს ნარკოტიკი, რომელიც პოლიციამ ჩაუდო, დაკავების დღეს ჩაუდო არა ჯიბეში, არამედ - საქმეში.
- ასეთი საქმიანები რომ ყოფილიყავით, როცა აყალბებდნენ [მტკიცებულებას], კარგი იქნებოდა, - უთხრა კაციამ სასამართლოს მაშინ, როცა მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი დალუქულ პაკეტებს ხსნიდნენ და მტკიცებულებებს იკვლევდნენ.
- იქ არ იყავით, თუ აყალბებდნენ? - კითხითვე გამოეპასუხა მას მოსამართლე.
- იქ რომ ვიყავი, თავზე მეჯდა 30 კაცი, - უპასუხა ბრალდებულმა. რამდენიმეწუთიანი სიჩუმის შემდეგ იყო მისი კიდევ ერთი რეპლიკა:
- გამომძიებლის თითიც უნდა იყოს მანდ [მტკიცებულებებს შორის], შვიდი თვეა მაგას ვყვირი, რომ გამომძიებლის თითი იდო ჩემს პირში და ეგრე ამიღეს ნიმუში.
მტკიცებულებების კვლავ დალუქვისას, მოსამართლემ კაციას ხელმოწერის გაკეთება შესთავაზა:
- მაგან დამღუპა და კიდევ მაგაზე უნდა მომაწერინოთ ხელი? - იკითხა ნიკა კაციამ და საბოლოოდ არცერთ გამოკვლეულ მტკიცებულებას ხელი არ მოაწერა. მან მოსამართლეს შეახსენა, რომ არ ენდობა და ფარსში მონაწილეობაშიც ვერ ხედავს აზრს.
ნიკა კაციას ადვოკატმა ერთ-ერთ პაკეტზე ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება სთხოვა - მან განმარტა, რომ სამი პაკეტიდან მხოლოდ ერთზეა მისი ხელმოწერა, ის კი, რასაც აჩვენებენ, მართალია ჰგავს მის ხელმოწერას, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ მისი ხელმოწერა იყოს.
- აქ მაინც თუ მაჩვენებთ, რაც ჩამიდეთ, ვიზუალურად მაინც მეცოდინება შემდეგისთვის. აქ რომ დააწეროთ: პაბლო ესკობარი, - თქვა მან და ხელით მოხაზა სივრცე ბრალდებულისთვის განკუთვნილი ჯიხურის ქვემოთა ხის პარაპეტზე.
- ნიკუშ, "ხარებას" [ გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი - რ.თ.] შენ ამარაგებდი? - ჰკითხეს მას დარბაზიდან.
- მე ვმფარველობდი მაგას! - გამოსძახა ბრალდებულმა.
- სულ გასული იყო ეგ კაცი, - კვლავ გაისმა დარბაზიდან.
მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ჯერი მოწმეების გამოკითხვაზე მიდგა. სასამართლომ პირველი ნიკა კაციას დედა, მარინე აფციაური, გამოჰკითხა. დარბაზში მისი შესვლისას ნიკა კაციას ფრაზას - "მიყვარხარ დედა" და მის პასუხს - "შენ ხარ ჩემი იმედი!" - მოსამართლის შენიშვნა მოჰყვა. მან დარბაზში წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა ყველას.
"ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც უდანაშაულო ადამიანს შვიდი თვე არ აჩვენებს საუკეთესო დედას. პატივი ეცით დედაჩემს, რომელიც არის ცამდე მართალი შვილის დედა", - მიმართა ნიკა კაციამ მოსამართლეს.
მარინე აფციაურმა სასამართლოს წინაშე დეტალურად გაიხსენა 7 დეკემბრის ღამე, როცა მისი შვილი დააკავეს. მას ორი შვილი ჰყავს. უმცროსი, ლაშა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პოლონეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. სახლში მარტო ნიკა და დედა ცხოვრობდნენ. იმ საღამოს ისინი ერთად უყურებდნენ ტელევიზორს და ერთად ნახეს, როგორ დაესხა თავს "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს მოძალადეების დაჯგუფება პირდაპირ ეთერში.
"ნიკა ყველაფერს ისედაც მძაფრად აღიქვამს, განსაკუთრებით კოლეგების ამბებს. საშინელი სანახავი იყო ეს თავდასხმა, შეგრძნება გვქონდა, თითქოს მაკა ჩიხლაძე მოკლეს. ეგრევე დაურეკა თავის მეგობარ თამარს, რომელსაც გავიგონე რომ უთხრა, ტაქსით მოვალ ათონელამდე და მერე ერთად ავიდეთო.
სანამ წასასვლელად ემზადებოდა, კიდევ ერთ მეგობარს დაურეკა. მე სარეცხს ვფენდი სანამ ის ემზადებოდა, ერთი მაიკაც ჩამივარდა და იმისთვის რომ გავედი გარეთ, კი მომხვდა თვალში ჩვენს სახლთან უცნაური მოძრაობა, ერთნაირად შავებში ჩაცმული ხალხი იდგა გზის იქითაც და აქეთაც და გამახსენდა, რომ ეს ხალხი შუადღისასაც მომხვდა თვალში, ნარჩენების გადასაყრელად რომ გავედი, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ჩვენთან შეიძლება ყოფილიყო რამენაირად დაკავშირებული. სახლში რო შემოვბრუნდი, კი გამიელვა თავში, ალბათ ვიღაცის დასაკავებლად არიან მოსულები-თქო.
11-ის 25 წუთი იყო, ტაქსი რომ გამოიძახა და თქვა, 10 წუთში მოვაო. რო გავიდა, სახლი გარედან გადაკეტა, ჩვენი სახლის საკეტი დაზიანებული იყო და ეგრე კეტავდა ხოლმე. ნიკას წასვლის მერე მთელი ის საღამო ეკრანთან გავატარე, ისეთი ამბები ხდებოდა, ხან ვის ცემდნენ, ხან ვის კლავდნენ.
დაახლოებით ღამის 1 საათი იყო, კარზე კაკუნი რო გავიგე. პოლიციიდან ვართ, ქალბატონო, ნიკუშასთან გასაუბრება გვინდაო - ეს სახელი მეუცნაურა, ახლობლების გარდა, ეგრე არავინ არ ეძახის. ფეისბუკზე ეწერა, ნიკუშა ბედნიერი კაცია და მისი მეგობრები ეძახდნენ ეგრე. ვუთხარი, კარი გარედან არის ჩაკეტილი, ვერ გაგიღებთ-თქო. ამ პასუხის მერე ჩურჩული მესმოდა, მერე ერთმა მითხრა, ქალბატონო, ახლა ნიკა მოვა და გასაღებს მოიტანსო და წავიდნენ, ფეხის ხმა გავიგე. რასაც კარის ჭუჭრუტანიდან ვხედავდი, ბევრი არ იყვნენ - 5-6.
რომ წავიდნენ, ნიკასთან დავრეკე, ზარი გადიოდა, მაგრამ არ მპასუხობდა - ეს არარსებული ამბავია, არასოდეს დაუტოვებია მანამდე ჩემი ზარი უპასუხოდ. ადრე, პირდაპირ ეთერში როცა მუშაობდა, შეიძლება მაშინ ვერ ეპასუხა, მაგრამ ეგ მეც ვიცოდი და მაგ დროს არც ვურეკავდი, ისე როცა კი დამირეკავს, ყოველთვის მპასუხობდა. ამ დროს გული ცუდს კიდევ არაფერს მიგრძნობდა."
- ლაშამ როდის გაიგო ნიკას დაკავების ამბავი? - ჰკითხა მას ადვოკატმა.
- ნიკა რომ არ მპასუხობდა, მის მეგობარს დავურეკე, მაგდა ვასაძეს, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა, ნიკუშა გაქრა, თუ რამე იცით, გამომეხმაურეთო და მისი სტატუსიდან გაიგო ლაშამ", - თქვა მან და მოჰყვა, როგორ დაურეკა ამის შემდეგ მესენჯერში ვიდეოზარით უმცროსმა ვაჟმა და უთხრა, რომ საია-ში დარეკავდა და ადვოკატის გამოყოფას მოითხოვდა ძმისთვის.
ამ ზარის შემდეგ მალევე დაბრუნდნენ ნიკა კაციას სახლთან პოლიციელები, რომლებიც კარს გასაღებად ეჯაჯგურებოდნენ, მასში ნიკასთვის გამორთმეული გასაღები ჩატეხეს და რომ მიხვდნენ, რომ სახლში ვერ შედიოდნენ, კვლავ წასვლა დააპირეს. ქალმა მათ ფანჯრის გისოსების გახსნა და იქიდან შესვლა შესთავაზა, თუმცა ამ დროს უკვე მეორედ ურეკავს მას ლაშა და ეუბნება, რომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ინფორმირებულია, მის ხელმძღვანელ ნონა ქურდოვანიძეს ელაპარაკა და ეცდებიან ნიკა მოძებნონ. კაციები დედასთან ერთად პირველ სართულზე ცხოვრობენ და დედა-შვილის საუბარი მათ კორპუსთან მდგარ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებს კარგად ესმოდათ.
"ერთ-ერთმა მკითხა, საია რა არისო და ავუხსენი - ამის მერე მალევე წავიდნენ", - უთხრა სასამართლოს ნიკა კაციას დედამ. მას გამომძიებელმა მხოლოდ ღამის 3-ის ნახევარზე დაურეკა იმის სათქმელად, რომ ნიკა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-ტარების ბრალდებით იყო დაკავებული.
"ხო არ გაგიჟდით-თქო, ვკითხე. სად ნიკა და სად ნარკოტიკები", - უთხრა მან სასამართლოს და მოჰყვა, როგორი ბეჯითი და დამჯერი შვილი იყო მისი ვაჟი, როგორ დაიწყო ადრეულ ასაკში მუშაობა მარტო დარჩენილი დედის, უმცროსი ძმის და მოხუცი ბებიის სარჩენად და როგორ არასოდეს არ ჰქონია შეხება ნარკოტიკებთან.
"პირველად ამბობს ჩემზე კარგს, რომ იცოდეთ", - ეუბნება ნიკა დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას.
"დიდი მადლობა სასამართლოს, რომ მომცა ამის საშუალება. კი, მე მკაცრად ვზრდიდი შვილებს, მაგრამ კარგი შვილები მყავს", - თქვა მარინა აფციაურმა. მასთან კითხვები ჰქონდა პროკურორსაც. მოწმე პროკურორის კითხვებს მკაცრად და მოკლედ ისე პასუხობდა, რომ თავიდან მისკენ არ იყურებოდა.
პროკურორი: რომელ საათზე მოვიდნენ პოლიციელები თქვენს სახლში?
მოწმე: ყურადღებით რომ გესმინათ ჩემთვის, გაიგებდით.
პროკურორი: რამდენ ხანს დარჩნენ თქვენს სადარბაზოში დაახლოებით?
მოწმე: არ ვიცი. ისე, როგორც თქვენმა ცრუ მოწმეებმა არ იციან არცერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი.
პროკურორი: თქვენს სახლთან კომერციული ობიექტები არის?
მოწმე: ბევრი.
პროკურორი: ამ კომერციულ ობიექტებს სათვალთვალო კამერები აქვთ?
მოწმე: ეს თქვენ უნდა გამოგეკვლიათ.
ნიკა კაციას დაცვის მხარე გამოძიებას სთხოვდა სახლთან არსებული კამერების ჩანაწერების ამოღებას, თუმცა არათუ ეს ჩანაწერები არ მოხვდა საქმის მასალებში, არამედ კამერების ნაწილიც კი ჩამოხსნილია დღეს მათი სახლის სიახლოვეს განთავსებული ბოძებიდან თუ სავაჭრო ობიექტებიდან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც კაციას დედამ ილაპარაკა, ტაქსია: მისი თქმით, გამოძახებული ტაქსი ყოველთვის მათ ეზოში მოდიოდა და სახლთან ელოდებოდა კლიენტს, გარდა ამ დღისა, როდესაც მძღოლი ნიკას მოლოდინში მეზობელ ქუჩაზე გაჩერდა. როგორც შემდეგ ნიკა კაციას ძმამ უთხრა სასამართლოს, იმ ღამით აპლიკაციით გამოძახებული ტაქსისტი აღმოჩნდა არა ის პირი, რომელიც აპლიკაციაში მძღოლად იყო რეგისტრირებული, არამედ სხვა, ვინც მის ანგარიშს სამუშაოდ იყენებდა. სასამართლოს არცერთი მათგანი მოწმედ არ ჰყავს გამოძახებული და დაკითხული.
კაციას საქმეზე მომდევნო სხდომა 17 ივლისს, 16:00 საათზეა დანიშნული.
ფორუმი