ის ფიქრობს, რომ ქრთამის ბრალდებამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია და სწორედ ამიტომ დაუმატეს მეორე ბრალი, „ასევე დაუსაბუთებელი“.
„მხოლოდ ტერმინი დამხობა არ არის საკმარისი მუხლის კვალიფიკაციისთვის. აღნიშნული მოწოდება უნდა გულისხმობდეს, დროით და კონტექსტით ძალადობრივ ქმედებებს...ჩვენ ამ საქმეში გვაქვს, რომ ლევანი აბსოლუტურად ყველა მის გამოსვლაში, განმარტავს - მშვიდობიანი დამხობა. ყველგან არის აპელირება კონსტიტუციაზე, კანონმორჩილებაზე და იგულისხმება მშვიდობიანად ხელისუფლების დამხობა. ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ პოზიციები და თქვენ უნდა შეაფასოთ მშვიდობიანი დამხობა თავის თავში გულისხობს თუ არა ძალადობრივ ქმედებებს და მეორე, პოლიტიკოსის პოლიტიკური დაპირება, არის თუ არა ქრთამის მიცემა და სამოხელეო დანაშაული", - აცხადებს კონდახაშვილი.
„ლევან ხაბეიშვილის პატიმრობა არის თუ არა სავარაუდო ანგარიშსწორების მიზეზი მის წინააღმდეგ მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო?", - სვამს კითხვას ადვოკატი, ირაკლი კონდახაშვილი და აგრძელებს:
„რა უდევს საფუძვლად იმას, რომ ლევან ხაბეიშვილს არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია უკანონოდ აქვს აკრძალული? სრული იზოლაცია... რა არგუმენტებს ემყარება? - ეს გამოიყენება, როგორც უკანონო დევნის, ანგარიშსწორების ინსტრუმენტი და იმედი მაქვს, თქვენც არ ჩადგებით ამ მწყობრში, გაწყვეტთ ჯაჭვს....“, - ამბობს ადვოკატი.
მისი განცხადებით, როცა სტუდენტებს ასწავლის და უხსნის რა არის ქრთამი, ისმის კითხვა, როგორ ჩნდება ხაბეიშვილის საქმე ქრთამში.
„როგორ ახნიდით თქვენ?“, - ეკითხება მოსამართლეს ადვოკატი და აცხადებს, ამომრჩევლის მოსყიდვაც კი არ არის, არათუ ქრთამი, როცა პოლიტიკოსი დაპირებას იძლევა ბიუჯეტზე დაყრდნობითო.
ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ „პოლიტიკური დაპირება, პოლიტიკური სიტყვა დასჯადი არ არის“.
ის მეორე ბრალზე გადადის, რაც ქრთამის მიცემის შეთავაზებას მოიაზრებს. მისი თქმით, ამ საქმეში არ არსებობს კონკრეტული პირი, არის პირთა განსაზღვრული წრე, ამასთან შეთავაზება საჯაროა.
„გდდ-ს თანამშრომლებს ეუბნებოდა არ შეუასრულოთ უკანონო დავალებაო...აქ არის ჯილდო მნიშვნელოვანი, რომელსაც მაშინ მიიღებთო, როცა კანონიერად მოიქცევითო, როდის მიიღებთო ჯილდოსო? - როცა ახალი არჩევნები ჩატარდება, ახალი ბიუჯეტი დამტკიცდებაო და ბიუჯეტიდან გადმოგეცემათ ჯილდო სახითო... ხშირია, როცა პოლიციელებს ბიუჯეტიდან ჯილდოს აძლევენ, როცა კანონიერ დავალებას შეასრულებენ..“, - აცხადებს ადვოკატი.
ფორუმი