Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკ თიესენი: „სახმელეთო ძალები ირანელი ხალხია“

ეს ირანელი ხალხის ბერლინის კედლის დაცემაა, ამბობს გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი, რადიო თავისუფლების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მარკ თისენი.ის დარწმუნებულია, რომ ირანზე აშშ-ს შეტევა არა მხოლოდ სამხედრო შეკავებას, არამედ ისლამური რესპუბლიკის ამჟამინდელი მმართველობის დასრულებას ისახავს.

თისენმა, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ყოფილმა სპიჩრაიტერმა და ვაშინგტონ პოსტის ავტორმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ირანში მიმდინარე სამხედრო მოქმედება გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს.

„რაც ახლა ხდება, ეს ირანელი ხალხის გათავისუფლების დასაწყისია,“ — თქვა თისენმა. „ირანელი ხალხი 1979 წლიდან იტანჯება აიათოლების მიერ მართული დესპოტური, რადიკალური რეჟიმის ქვეშ. ახლა მათ ეძლევათ შანსი, წამოდგნენ და საკუთარი ქვეყანა დაიბრუნონ.“

უფრო მეტი, ვიდრე შეზღუდული დარტყმა

კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის მიზანი შეკავება, შესაძლებლობების შესუსტება თუ უფრო ფართო ამოცანა, თისენი პასუხობს, რომ კამპანია სცდება ძალის სიმბოლურ დემონსტრირებას.

„[პრეზიდენტ] ტრამპს რომ ერთი თვის წინ დაერტყა, ეს იქნებოდა სიმბოლური, შეზღუდული დარტყმა, რომელიც ერთ-ორ დღეს გაგრძელდებოდა,“ — თქვა მან. „ახლა კი საუბარია მრავალდღიან, შესაძლოა მრავალკვირიან კამპანიაზე, რომელიც ირანის რეჟიმის ‘თავის მოკვეთას’ და ჩვენი ხალხისთვის საფრთხის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.“

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რისკი, რომ თეირანი შიდა რეპრესიებს გააძლიერებს, თისენმა უპასუხებს, რომ კამპანია სპეციალურად ისეა დაგეგმილი, რომ ეს თავიდან აიცილოს.

„აშშ ანადგურებს რეპრესიის ინსტრუმენტებს,“ — თქვა მან, „როდესაც ამ საფრთხეებს მოვაშორებთ, ირანელ ხალხს შესაძლებლობა ექნება საკუთარი ქვეყანა დაიბრუნოს.“

თისენის თქმით, ოპერაციის დაწყების გადადება მიზანმიმართული იყო, რათა ვაშინგტონს უპრეცედენტო სამხედრო ძალა გადაეტყორცნა რეგიონში.

მან მიმდინარე კამპანია შეადარა ოპერაციას „Midnight Hammer“ - შუაღამის ურო, 2025 წლის ივნისის შეზღუდული დარტმების სამხედრო ოპერაცია, თისენის თქმით, მიზანში იღებდა ირანის ბირთვულ ობიექტებს, მათ შორის ფორდოს მიწისქვეშა ურანის გამდიდრების ცენტრს, ახალი ფაზა კი უფრო შორს მიდის — მიზანში იღებს არა მხოლოდ ბირთვულ ინფრასტრუქტურასა და საჰაერო თავდაცვას, არამედ „რეპრესიის ინსტრუმენტებსაც“.

ცეცხლის შეწყვეტა მოსალოდნელი არ არის

თისენმა უარყო ცეცხლის სწრაფად შეწყვეტის შესაძლებლობა.

„48 საათზე მეტი დრო იქნება საჭირო,“ — თქვა მან. „შეერთებული შტატები გაანადგურებს ყველა იმ ინსტრუმენტს — რეპრესიის, დაზვერვისა და ტირანიის — რომლებიც ირანელ ხალხს ჩაგრავდა.“

მან მიმდინარე მოვლენები შეადარა ბერლინის კედლის დაცემას და ნიკოლაე ჩაუშეკსუს დამხობას რუმინეთში 1989 წელს და აღნიშნა, რომ გარე სამხედრო ზეწოლამ შესაძლოა შიდა პოლიტიკური ცვლილებების პირობები შექმნას.

„ეს თქვენი ბერლინის კედლის დაცემაა,“ — მიმართა მან ირანის ხალხს - „ჩვენ რეჟიმს თავს ვაჭრით. მისი დასრულება თქვენი საქმე იქნება.“

რეპრესიების რისკი

თისენის დაკვირვებით თეირანმა არასწორად შეაფასა ვაშინგტონის მზადყოფნა მოქმედებისთვის.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს შესთავაზა მოლაპარაკებების შესაძლებლობა ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეზღუდვაზე, ასევე რეგიონული აქტივობების შემცირებაზე, ირანის ლიდერებმა კი ეს უარყვეს და მოგვიანებით კვლავ განაახლეს ბირთვული და ბალისტიკური შესაძლებლობების აღდგენის ნაბიჯები.

„მათ ჰქონდათ შანსი და ის დაკარგეს,“ — თქვა მან და ასევე გაიხსენა ირანის ხანგრძლივი დაპირისპირება შეერთებულ შტატებთან, მათ შორის 1979 წლის მძევლების კრიზისი, 1983 წელს ბეირუთში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ყაზარმების აფეთქება, 1996 წლის ხობარის კოშკების აფეთქება საუდის არაბეთში და თეირანის სავარაუდო როლი ერაყში ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერაში.

თისენმა ახსენა აშშ-ის ოფიციალური პირებისა და უცხოელი დიპლომატების წინააღმდეგ ამერიკის ტერიტორიაზე დაგეგმილი სავარაუდო შეთქმულებებიც.

თისენმა გამოთქვა რწმენა, რომ მიმდინარე კამპანია ირანის მომავალს ფუნდამენტურად შეცვლის.

„ჩემი აზრით, ამ რეჟიმის ტერორის მმართველობა დასასრულს უახლოვდება,“ — თქვა მან. „ირანელ ხალხს ისტორიული შესაძლებლობა ეძლევა, დაიბრუნოს საკუთარი თავისუფლება.“

კონფლიქტის განვითარებასთან ერთად, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ უპასუხებს თეირანი, რამდენ ხანს გააგრძელებენ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები სამხედრო ოპერაციებს და შეძლებს თუ არა, ან მოისურვებს თუ არა, ირანის საზოგადოება ომის პირობებში მობილიზებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG