ინფორმაცია შელი კიტლსონის გატაცების შესახებ 31 მარტს გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Al-Monitor-მა, რომელთანაც ჟურნალისტი თანამშრომლობს.
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, კიტლსონის გასათავისუფლებლად ოპერაცია დაუყოვნებლივ დაიწყო, სავარაუდო გამტაცებლების ავტომობილების დევნისას ერთი ამოტრიალდა, თუმცა თავად ჟურნალისტი ამ ავტომანქანაში არ აღმოჩნდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ერაყელი სამართალდამცავების მიერ დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, რომელსაც კავშირი აქვს დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლასთან“.
„კატაიბ ჰეზბოლა" შიიტების გასამხედროებული, პროირანული დაჯგუფებაა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გატაცებულის ვინაობა არ დაუკონკრეტებია. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დილან ჯონსონმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ გატაცებამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი ვალდებულება შეასრულა და ეს ადამიანი გააფრთხილა, რომ ერაყში საფრთხე ემუქრებოდა.
ჯონსონის თანახმად, გატაცებულის გასათავისუფლებლად კოორდინირებულად მოქმედებენ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ერთად.
ტელეკომპანია CNN-ის ანალიტიკოსმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ალექს პლიტსასმა ტელეარხ CBS-ს დაუდასტურა, რომ შელი კიტლსონი მართლაც გააფრთხილეს, რომ ერაყში საფრთხე ემუქრებოდა. არსებული ცნობებით „კატაიბ ჰეზბოლა“ ქალი ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავდა.
CBS-ს კიდევ ერთმა წყარომ დაუდასტურა, რომ კიტლსონი გაფრთხილებული იყო, თუმცა ინფორმაცია სანდოდ არ ჩათვალა. ერაყის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ჟურნალისტის გასათავისუფლებლად „უმაღლეს დონეზე" მუშაობენ.
- ბაღდადში ადამიანების გატაცების შემთხვევები ხშირი იყო, თუმცა ბოლო წლებში მსგავსი ინციდენტები შემცირდა ერაყში უსაფრთხოების ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად.
ფორუმი