უკრაინის დასავლეთში მდებარე ვოლინის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ლუცკში განადგურებულია ექსპრეს-გადაზიდვების კომპანია Нова пошта-ს ტერმინალი.
კომპანიამ ტერმინალის განადგურების შესახებ დღეს, 1 აპრილს დილით განაცხადა. კომპანიის ცნობით, საჰაერო განგაშის გამო თანამშრომლები თავშესაფარში იმყოფებოდნენ და არავინ დაშავებულა.
ძლიერი ხანძრით გამოწვეული კვამლის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლუცკის მცხოვრებთ მოუწოდა დახურულ სივრცეში იყვნენ და განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. ქალაქში დაზიანებულია ერთ-ერთი მრავალბინიანი სახლიც.
უკრაინის პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული დრონით დარტყმა იყო მირგოროდის რაიონში მდებარე საწარმოზე. ადმინისტრაციას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია. დაზიანებულია სახლებიც. დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამი ადამიანი დაიჭრა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში. სამრეწველო ობიექტის დაზიანების შესახებ სოციალური ქსელებით იუწყება ხმელნიცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია. კონკრეტული ობიექტი არც მას დაუსახელებია.
ვოლინის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის და ხმელნიცკის ოლქებზე დრონებით შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. მანამდე, 31 მარტს საღამოს რუსეთის ჯარები დრონებით უტევდნენ ხერსონის ოლქსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბერისლავის რაიონში 18 წლის ბიჭი დაიღუპა.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 1 აპრილს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 31 მარტის საღამოდან 1 აპრილის დილამდე რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 339 უპილოტო საფრენი აპარატით. საჰაერო ძალების თანახმად, ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 298 დრონის მოგერიება და ოცით პირდაპირი დარტყმა 11 ადგილზე.
ფორუმი