Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: რუსეთმა ახალი მოთხოვნები გამოთქვა დონბასთან მიმართებით

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა ახალი მოთხოვნები გამოთქვა დონბასთან მიმართებით. კერძოდ, რუსეთს სურს, უკრაინამ დონბასი დატოვოს ორი თვის განმავლობაში - ზელენსკის ამ სიტყვებს ავრცელებს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.

ზელენსკი ამ ინფორმაციით გამოვიდა ბუჩაში გამართულ ღონისძიებებზე - იქ 31 მარტს ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა მემორიალური შეხვედრა, ქალაქის რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლების მეოთხე წლისთავის აღსანიშნად. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ნათქვამიდან ჩანს, ორთვიანი ვადის შესახებ რუსეთმა ვაშინგტონს შეატყობინა.

"ისინი ამერიკის მხარეს ეუბნებიან - ახლა ახალი ვადებია: ორ თვეში დაიკავებენ ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთს, დაიკავებენ დონბასს. და ამიტომ უკრაინას ორი თვე აქვს, რათა წავიდეს. და მაშინ ომი დამთავრდება. ხოლო თუ უკრაინა არ წავა, რუსეთი დონბასს დაიკავებს და მაშინ სხვა პირობები წამოიჭრება. ჩნდება ლოგიკური კითხვა - თუკი მათი მიზანი მარტო დონბასია, მაშ რატომ ამბობენ, რომ თუ დონბასის დაკავებას შეძლებენ, წინაც წავლენ? ანუ საკითხი დონბასს არ ეხება", - თქვა ზელენსკიმ.

ასევე ვრცელდება ზელენსკის მოსაზრება, რომ რუსეთი ვერ შეძლებს თავისი გეგმის ხორცშესხმას და ეს მოსკოვში იციან. მაგრამ რუსეთი აგრძელებს ზეწოლას აშშ-ზე იმისთვის, რომ ვაშინგტონმა უკრაინა აიძულოს, კომპრომისზე წავიდეს, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ჯერჯერობით არ არის ცნობები ამ განცხადებაზე რუსეთის რეაქციის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ახლახან ინტერვიუში ამბობდა, რომ მოსკოვი აშშ-ს მოუწოდებს, გამოიყენოს კიევზე ზეწოლის ბერკეტები იმ მიზნით, რომ მისგან მიაღწიოს რუსეთისთვის მომგებიან დათმობებს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. უშაკოვი აღნიშნავდა, რომ აშშ-მა "წამოაყენა რიგი საინტერესო და სასარგებლო წინადადებები" მშვიდობიანი გადაწყვეტის თაობაზე, თუმცა ისინი "ჯერჯერობით არ არის ხორცშესხმული". უშაკოვს არ დაუკონკრეტებია ამ წინადადებათა შინაარსი.

31 მარტს ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 1 აპრილს ვიდეოფორმატში გაიმართება მოლაპარაკება უკრაინასა და აშშ-ს შორის, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხებზე.

ზელენსკის თქმით, მას სთხოვეს ჩაერთოს საუბარში, რომელშიც ამერიკის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე სენატორი ლინდსი გრემი. საუბარში მონაწილეობას მიიღებს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე - იუწყება УНИАН-ი. ზელენსკის გარდა, უკრაინის მხრიდან საუბარში ჩაერთვება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი. "განვიხილავთ სად ვიმყოფებით. და რამდენად ახლოს ვართ სამმხრივ შეთანხმებებთან", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მოლაპარაკებების ყველაზე აქტუალურ თემად კვლავ ტერიტორიების საკითხი რჩება. ზელენსკი დასძენს, რომ უკრაინის მხრიდან კომპრომისია მზადყოფნა, შეწყვიტოს ბრძოლა ფრონტის ხაზზე - თუმცა რუსეთი უკრაინისგან კვლავ დონეცკის ოლქიდან გასვლას მოითხოვს.

უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჟენევაში გაიმართა, 17-18 თებერვალს. არსებობდა მოლოდინი, რომ მხარეები მარტის დასაწყისში აბუ-დაბიში კვლავ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა კონსულტაციები გადაიდო. ზელენსკი აღნიშნავდა, რომ შეხვედრის გადადების შესახებ გადაწყვეტილება იყო ამერიკის მხარის ინიციატივა, რაც გამოიწვია აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა სამხედრო კამპანიამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG