Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ შეწყვიტა "ტაბულის" ჟურნალისტის წინააღმდეგ "გზის გადაკეტვის" საქმე

"ტაბულის" ჟურნალისტი მარიამ კუპრავა
"ტაბულის" ჟურნალისტი მარიამ კუპრავა

​მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული გადაწყვეტილებით, შეწყვიტა ონლაინგამოცემა "ტაბულის" ჟურნალისტის მარიამ კუპრავას წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება. გადაწყვეტილება დღეს, 2 აპრილს გამოცხადდა.

23 მარტს სასამართლო სხდომა მოსამართლემ გადადო, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტომ "დამატებითი მასალებისთვის" დრო ითხოვა.

უწყება მარიამ კუპრავას 7 თებერვალს, მაშინ როცა ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ედავებოდა. გამოცემის, თანახმად ჟურნალიტი შაბათის მარშს აშუქებდა.

"თავს კანონდამრღვევად არ ვთვლი, ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამას გაითვალისწინებს“, - თქვა მარიამ კუპრავამ სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო იმავე მოსამართლემ რადიო თავისუფლების ოპერატორის, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელის შემთხვევაშიც.

ასევე ​მოსამართლე დავით მაკარაძემ შეწყვიტა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის საქმეზე.

ჟურნალისტების წინააღმდეგ სხვა საქმეები

გადადებულია და ჯერჯერობით უცნობია როდის გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას "მედიაჩეკერის" ჟურნალიტის ნინია კაკაბაძისა და "ნეტგაზეთის" ჟურნალისტის მარიამ ძიძარიას მიმართ.

ახალი ნორმა და სასამართლო განხილვები

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის იანვრის მიწურულიდან დაიწყო 2025 წლის დეკემბერში ტროტუარზე პროტესტის მონაწილე დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა და არაერთი მათგანი პატიმრობაში გაუშვა.

მაგალითად, გუშინ, 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული გადაწყვეტილებით მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მარიამ მაძღარაშვილს.

ამ პრაქტიკას მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

„სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები საქართველოში და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ამ საკითხზე.

2026 წლის 20 იანვარს სახალხო დამცველმა თქვა, რომ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც გაასაჩივრა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაერთი ნორმა.

გასაჩივრებულია ის არაერთი ნორმა, რომლებიც, მისი პოზიციით, „ბლანკეტურად კრძალავს“ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვას და ასევე უალტერნატივო ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს რიგ შემთხვევებში.

სარჩელი ასევე ეხება განმეორებითი ქმედების შემთხვევაში დაწესებულ პასუხისმგებლობას, რომელიც ორგანიზატორებისა და მონაწილეების, მათ შორის არასრულწლოვანების, პატიმრობას გულისხმობს.

კანონში ცვლილებები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

საკონსტიტუციო სარჩელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა სამი მოქალაქის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც ისინი იბრძვიან კანონის იმ ნორმის წინააღმდეგ, რომელიც ტროტუარზე პროტესტისთვის - ფორმალურად „ტროტუარზე ქვეითთა შეუფერხებელი მოძრაობის ხელშეშლისთვის“ - პატიმრობას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სარჩელის მოსარჩელეები არიან ანა ბდეიანი, ლიზი უბილავა და ლაშა სონგულია.

ისინი დავობენ, რომ კანონის მოქმედი ნორმის გამო დაერღვათ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები:

  1. ღირსების ხელშეუვალობა (მე-9 მუხლი),
  2. შეკრების თავისუფლება (21-ე მუხლი);
  3. კანონის უკუძალის აკრძალვა (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი).

ფორუმი

XS
SM
MD
LG