Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ შეწყვიტა რადიო თავისუფლების ოპერატორის წინააღმდეგ „ტროტუარზე დგომის“ საქმე

ზუკა ხიდაშელი, რადიო თავისფლების ოპერატორი
ზუკა ხიდაშელი, რადიო თავისფლების ოპერატორი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა რადიო თავისუფლების ოპერატორის, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმე. შსს-ს იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ხიდაშელს პარლამენტთან არსებულ ტროტუარზე მუშაობა მხოლოდ ფოტო ან ვიდეო გადაღების დროს შეეძლო.

საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

რადიო თავისუფლების პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალა, რომელიც ადასტურებდა რომ ოპერატორი 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ეს მტკიცებულება საქმეს დაერთო.

რადიო თავისუფლების თანამშრომლის ინტერესებს იცავდა იურისტი გიორგი ტაბატაძე.

ზუკა ხიდაშელს შსს-მ 4 სექტემბერს გამოუწერა 5000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი „გზის გადაკეტვის“ საბაბით, თუმცა ეს რადიო თავისუფლების თანამშრომელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართალწარმოება დაიწყო. ეს ჯარიმა მან, ინფორმაციის მიღებისთანავე, გაასაჩივრა.

ორივე შემთხვევაში - 2025 წლის 4 სექტემბერსაც და 18 დეკემბერსაც - ხიდაშელი, როგორც რადიო თავისუფლების ოპერატორი ასრულებდა სარედაქციო დავალებას და აშუქებდა საპოტესტო აქციას.

ხიდაშელის მიერ 4 სექტემბერსა და 18 დეკემბერს გადაღებული ფოტოები გამოქვეყნებულია რადიო თავისუფლების სხვადასხვა პლატფორმებზე სოციალურ ქსელში.

საქმის განხილვა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძე დღევანდელ, 19 მარტის სხდომაზე ცდილობდა გამოერკვია, რა არგუმენტებით შეადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდარღვევათა ოქმი რადიო თავისუფლების ოპერატორის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტის შენობასთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

„როცა იღებთ ფოტოებს, ჩვენ იმ დროს არ გვყავხართ გამოვლენილი. თქვენ შეგეძლოთ, როცა სამუშაოს დაასრულებდით, დაგეტოვებინათ სავალი ბილიკი... ვითხოვთ სამართალდამრღვევად ცნობას“, - თქვა სასამართლო სხდომაზე შსს-ს იურისტმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა.

მის საპასუხოდ ზუკა ხიდაშელმა თქვა, რომ აქციის გაშუქების დროს მუშაობა მხოლოდ ფოტო და ვიდეოგადაღების პროცესი არ არის.

მოსამართლემ მოიყვანა მაგალითები, როცა ჟურნალისტები აქციაზე ყოფნის დროს ფოტოს ან ვიდეოს არ იღებენ, თუმცა რესპონდენტებს არჩევენ მასალისთვის. მან შსს-ს იურისტებთან კითხვით დააზუსტა, „მტკიცებულებების გაცნობისა და მოწმეების გამოკითხვის შემდეგ, ისევ მიგაჩნიათ, რომ ხიდაშელი სამართალდამრღვევია?“

„ჩვენი შეფასებით, დიახ“ - უპასუხა მას შსს-ს იურისტმა.

ამ პასუხის მოსმენიდან რამდენიმე წამში მოსამართლე თორნიკე კაპანამძემ საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით გამოაცხადა.

ჟურნალისტების წინააღმდეგ სხვა საქმეები

  • შსს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშზე“ მუშაობის დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაშის სიგნალი ჩართო ნეტგაზეთის ჟურნალისტის ადმინისტრაციული დევნის გამო.
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგენილია „ტაბულის“ ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას წინააღმდეგ. მას 7 თებერვლის „შაბათის მარშის“ გაშუქების დროს კანონის დარღვევას ედავებიან.
  • მსგავსი სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინეს კიდევ ერთი (დამოკიდებელი ჟურნალისტის) გიორგი თარხნიშვილის წინააღმდეგ. მას 2025 წლის 25 დეკემბერს ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავებიან. მას მუშაობის დროს ქუდზე ეწერა - PRESS.

ახალი ნორმა და სასამართლო განხილვები

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის იანვრის მიწურულიდან დაიწყო 2025 წლის დეკემბერში ტროტუარზე პროტესტის მონაწილე დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა და არაერთი მათგანი პატიმრობაში გაუშვა.

ამ პრაქტიკას მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

„სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები საქართველოში და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ამ საკითხზე.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ილია ღლონტს, - დემონსტრანტს, რომლის წინააღმდეგ საქმისწარმოებაც ტროტუარზე პროტესტის გამო დაიწყეს.

ზოგიერთ დემონსტრანტს ტროტუარზე პროტესტის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

2026 წლის 20 იანვარს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც გაასაჩივრა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაერთი ნორმა.

გასაჩივრებულია ის არაერთი ნორმა, რომლებიც, მისი პოზიციით, „ბლანკეტურად კრძალავს“ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვას და ასევე უალტერნატივო ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს რიგ შემთხვევებში.

სარჩელი ასევე ეხება განმეორებითი ქმედების შემთხვევაში დაწესებულ პასუხისმგებლობას, რომელიც ორგანიზატორებისა და მონაწილეების, მათ შორის არასრულწლოვანების, პატიმრობას გულისხმობს.

კანონში ცვლილებები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

საკონსტიტუციო სარჩელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა სამი მოქალაქის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც ისინი იბრძვიან კანონის იმ ნორმის წინააღმდეგ, რომელიც ტროტუარზე პროტესტისთვის - ფორმალურად „ტროტუარზე ქვეითთა შეუფერხებელი მოძრაობის ხელშეშლისთვის“ - პატიმრობას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო სარჩელის მოსარჩელეები არიან ანა ბდეიანი, ლიზი უბილავა და ლაშა სონგულია.

ისინი დავობენ, რომ კანონის მოქმედი ნორმის გამო დაერღვათ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები:

  1. ღირსების ხელშეუვალობა (მე-9 მუხლი),
  2. შეკრების თავისუფლება (21-ე მუხლი);
  3. კანონის უკუძალის აკრძალვა (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი).


ფორუმი

XS
SM
MD
LG