Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებულ ყირიმში ჩამოვარდა რუსული გამანადგურებელი სუ-30

ფოტო არქივიდან. რუსული გამანადგურებელი სუ-30
ფოტო არქივიდან. რუსული გამანადგურებელი სუ-30

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩამოვარდა რუსული არმიის გამანადგურებელი სუ-30.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ თვითმფრინავმა „ავარია განიცადა სასწავლო-საწვრთნელი ფრენისას”, რომელსაც საბრძოლო კომპლექტის გარეშე ასრულებდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც სახელმწიფო სააგენტოებმა გაავრცელეს, „ავარია” 3 აპრილს, დილის 11 საათისთვის მოხდა, ეკიპაჟმა კატაპულტირება შეძლო, ევაკუირებულია სახმელეთო სამაშველო ჯგუფის მიერ და პილოტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „ავარიის” გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია. მისი ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია.

რუსული გამანადგურებლის ჩამოვარდნის შესახებ არაფერი უთქვამს უკრაინას, რომლის თავდაცვის ძალები რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ანექსირებულ ყირიმშიც უტევენ.

ყირიმში 31 მარტს ჩამოვარდა რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავიც ან-26. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაიღუპა ბორტზე მყოფი 29 ადამიანი, ხოლო საგამოძიებო კომიტეტის ცნობით - 30.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კატასტროფის წინასწარ მიზეზად დაასახელა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა.

ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსულმა სამსახურმა ორ წყაროზე დაყრდნობით, 2 აპრილს დაწერა, რომ ან-26-ში იმყოფებოდა რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის შერეული საავიაციო კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ოტროშჩენკოც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG