„აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა“, - აცხადებს შსს.
დღეს, 5 აპრილს თბილისიდან ბაქოს (აზერბაიჯანის დედაქალაქი) მიმართულებით რამდენიმე ავიარეისი სრულდება, ერთი უკვე შესრულდა.
იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქართველოს რამდენიმე თვის წინ მოსთხოვა, დროებით შეეჩერებინა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია, შსს აცხადებს, რომ „საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები“. ამის დასტურად აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში შეწყვეტილია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ „ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ორი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან“ და წერს, რა უსწრებდა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას:
- 1 აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა (რის საფუძველზეც მანამდე გადაცემას ითხოვდა) და ამის შესახებ საქართველოს აცნობა;
- 2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს;
- 3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა;
- 4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს და რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცემენ.
იურისტი დამატებით განმარტავს, რომ „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი გამოყენების შესახებ ძალაშია, სანამ მას ევროპული სასამართლო თავად არ გააუქმებს და არ დარწმუნდება, რომ პირის უფლებების დარღვევის რისკები აღარ არსებობს“.
„საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც შეეძლოთ, რომ მისთვის უბრალოდ თავი დაენებებინათ, მაგრამ მათ რევანშის სპეცოპერაცია დაგეგმეს და ყველაფერი გააკეთეს ერთი ადამიანის გასანადგურებლად... სადიგოვი პირდაპირ აზერბაიჯანში გააძევეს და ქვეყნიდან ნებაყოფლობითი გასვლის უფლებაც არ მისცეს“, - აცხადებს თამთა მიქელაძე.
სადიგოვის დაკავება
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომლის გადაცემასაც აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა, 4 აპრილის ღამეს სახლში კიდევ ერთხელ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო. ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
სასამართლო სხდომა
სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მალევე დაინიშნა. საქმე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს დაეწერა.
გადაწყვეტილება დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე გამოაცხადა.
შსს-ს ცნობით, მოსამართლემ სადიგოვს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აუკრძალა.
ამ გადაწყვეტილებასა და მის დაკავებას საფუძვლად დაედო 1 აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, - ამ პოსტს თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.
სასამართლოს უარი
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სასამართლოში ითხოვდნენ, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორისთვის ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობა მიეცათ, რაც მანამდეც დაუყენებიათ:
„სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის მეუღლესა და შვილებს პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ ევროპაში და მის მიღებას შესაბამისი ქვეყანა ასევე შეძლებდა... ჩვენ მზად ვიყავით, შესაბამისი დოკუმენტები უმოკლეს ვადაში წარგვედგინა როგორც სასამართლოსთვის, ისე მიგრაციის დეპარტამენტისთვის“.
სადიგოვი თბილისში
აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს. წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.
ფორუმი