Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა

ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი - 93 წლის ასაკში, 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა.
ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი - 93 წლის ასაკში, 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა.

ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. სიონის საპატრიარქო ტაძარში,  წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და მღვდელმთავრებმა აღავლინეს. ჩატარდა კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც.

"ამ 40 დღის განმავლობაში, ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილობრივი მოვალეობა... ეს დრო იქცა ჩვენთვის, ალბათ დამეთანხმება ყველა, რომ ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ჩვენი თავის, ასევე ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად", - მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ქადაგებისას თქვა, რომ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, "სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ" დაისადგურა და ყველამ განიცადა მოწიწება, სიყვარული, სულიერი გამოფხიზლება და აღმავლობა.

"მის უწმინდესობასა და უნეტარესობაში, მის პიროვნებაში ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე. მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში, მის პიროვნებაში ცოცხლობდა უფალი იესო ქრისტე, იმ დიდი ღვაწლში, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისკენ, აღორძინებისკენ და გადარჩენისკენ", - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ.

სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო. მოგვიანებით მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე; პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი; პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი; მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე სიონის ტაძარში 2026 წლის 22 მარტს დაკრძალეს.

ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი - 93 წლის ასაკში, 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ.

1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, ილია მეორე თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ დაასახელა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა - სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

2026 წლის 18 მარტს, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტი შიო სინოდმა მოსაყდრედ დაამტკიცა.

ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტაძრის მოსაყდრე, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

ახალი პატრიარქის არჩევა ხდება - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა. წინასწარი ინფორმაციით, სინოდი 28 აპრილს შეიკრიბება.

როგორ აირჩევა ახალი პატრიარქი?

გადაწყვეტილებას ახალი პატრიარქის შესახებ იღებს წმინდა სინოდი, - რომელიც არჩევს სამ კანდიდატს, - და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც უნდა აირჩიონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

  • გაფართოებულ კრებას იწვევს მოსაყდრე - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა;
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს;
  • ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ.


ამჟამად სინოდში 39 მღვდელმთავარია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG