Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სიონის ტაძარში დაკრძალეს

კათოლიკოსი საკურთხევლის მარცხენა მხარეს, ამბიონის სიახლოვეს დაკრძალეს
კათოლიკოსი საკურთხევლის მარცხენა მხარეს, ამბიონის სიახლოვეს დაკრძალეს

კვირას, 2026 წლის 22 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს.

მისი ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე აურაცხელმა ხალხმა გააცილა.

ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრე პატრიარქია, რომელიც სიონის ტაძარშია დაკრძალული.

ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, - 2026 წლის 17 მარტს, ჰოსპიტალიზაციის მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, იგი თითქმის ნახევარი საუკუნე უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ხუთდღიანი გლოვა დასრულდა

დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით სინოდის აზრი ორად გაიყო, - ნაწილი პატრიარქის სამებაში დაკრძალვას ემხრობოდა, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მის განსასვენებლად სიონის საკათედრო ტაძარი განისაზღვრა.

თბილისში ილია მეორის პანაშვიდებსა და დაკრძალვას ასიათასობით ადამიანი დაესწრო - როგორც თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

18 მარტიდან 22 მარტამდე, - პატრიარქის სამებაში გადასვენებიდან დაკრძალვის დასრულებამდე - ტაძარში ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა.

მლოცველთა რიგი სამებაში პარასკევს, 20 მარტს. მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო.
მლოცველთა რიგი სამებაში პარასკევს, 20 მარტს. მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო.

მის პანაშვიდსა და დაკრძალვას დაესწრნენ როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, საქართველოში მცხოვრები სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები, ასევე საზღვარგარეთ არაერთი რელიგიური კონფესიის ლიდერები.

კვირას სამებაში ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიტიკური ლიდერები როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან.

მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი და სხვები.

ხალხის ნაკადი სამებისკენ, 21 მარტის ფოტოს
ხალხის ნაკადი სამებისკენ, 21 მარტის ფოტოს

ილია მეორეს წესი მსოფლიო პატრიარქმა და მიტროპოლიტმა შიომ აუგეს

კვირას, 22 მარტს, დილის 9-დან 12 საათამდე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) უძღვებოდა წირვას, - წირვა მან სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.

12:00-დან 13:30 საათამდე შუალედში, სამების ტაძარში დასვენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს წესი აუგეს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა და სინოდის წევრებმა.

მათ ერთად აღასრულეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურება.

ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინა ხვედელიძე, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ჩიქოვანი
ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინა ხვედელიძე, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ჩიქოვანი

მსახურების დაწყებამდე მოსაყდრე შიომ სამებაში მისული მსოფლიო პატრიარქი მიიყვანა ბიძინა ივანიშვილთან, შემდეგ კი მთავრობის წევრებთან.

სამებაში, ბართლომეოსის გარდა, მართლმადიდებელი ეკლესიებიდან იმყოფებოდნენ:

  • სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი იოანე;
  • ბულგარეთის პატრიარქი უწმინდესი დანიელი;
  • ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი უნეტარესი როსტისლავი;
  • ამერიკის მიტროპოლიტი ტიხონი.

მსოფლიო პატრიარქის სიტყვა

წესის აგების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

„აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლა ეკლესიის დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას“, - განაცხადა მან.

„საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე, წმინდა იერარქიას კი - ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღვთო მადლი“, - თქვა მსოფლიო პატრიარქმა.

„პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი, ყოვლად კეთილსა და ერისმოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი“, - განაცხადა მან.

„ღვთისმოშიში ქართველი ერი მოაკლდა მზრუნველ და მოსიყვარულე მამას, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა სულიერი განმტკიცებისთვის“, - დასძინა მსოფლიო პატრიარქმა.

შემდეგ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიმართეს - მათ შორის ბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ.

იგი წარადგინეს, როგორც „პატრიარქის ეპოქალური პროექტის, სამების საკათედრო ტაძრის მთავარი ქტიტორი“ [დამფინანსებელი].

დაკრძალვის პროცესია

ილია მეორე სამებიდან 14:40 საათზე გამოასვენეს, ტაშისა და შეძახილების ფონზე: „გვიყვარხარ, პატრიარქო“.

სიონში ის დაახლოებით საათ-ნახევარში გადაასვენეს.

მიტროპოლიტმა შიომ სიონის ტაძარში აღავლინა კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

მთელს გზაზე სამებიდან სიონამდე, ორივე მხარეს, იდგნენ საქართველოს თავდაცვის ძალები, ჯარისკაცები, ხელში დროშებით.

პროცესიას აურაცხელი ხალხი დაესწრო. ამ ოდენობის მოქალაქეები, სავარაუდოდ, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთდროულად არასოდეს გამოსულა ქუჩაში.

„ყოვლადსამღვდელონო, მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, აი, დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ნეშტი“, - თქვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ.

სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, საბოლოო სიტყვა მიეცა ქიროტონიით უხუცეს მღვდელმთავარს, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს.

ბოლო სიტყვა - მიტროპოლიტი ანანია

„დღეს მწუხარეა ჩვენი სული, ჩვენი ერი, როგორც ეს ვიხილეთ ამ დღეებში, გლოვობს ჭეშმარიტი მამის გარდაცვალებას“, - ამ სიტყვებით დაიწყო სიტყვა მიტროპოლიტმა ანანიამ.

მან გაიხსენა პეტრე მოციქულის სიტყვები: „გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება სიმტკიცეს, სიმტკიცე სასოებას“.

„სასოება კი ღვთის სიყვარულს გვინერგავს, რადგან ვიცით, რომ ჩვენს სამშობლოს შეემატა ზეციური მეოხე“, - თქვა მან.

„ის იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა სრული ავტოკეფალია, აღადგინა ძველი, ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები, შექმნა მრავალი ახალი ეპარქია, ახალ ქართულ ენაზე გადმოიღო და ათარგმნინა წმინდა ბიბლია, დააფუძნა უმაღლესი სასულიერო სასწავლებლები და სხვა მრავალი და დიდი საქმე“, - ასე დაახასიათა მიტროპოლიტმა ანანიამ კათოლიკოს-პატრიარქი.

სასულიერო პირებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების დამშვიდობების შემდეგ, ხმის გამაძლიერებლებში სამჯერ გაისმა ილია მეორის წარმოთქმული სიტყვები: „საქართველო, მიყვარხარ“!

„მიყვარხარ, პატრიარქო“ - უპასუხა ხალხმა.

იგი 17:00 საათისთვის დაკრძალეს - პირდაპირი ტრანსლაციის გათიშვის შემდეგ.

დამსწრეებს სთხოვეს, პროცესის დასასრული არ გადაეღოთ.

ბიოგრაფიული ცნობები - მოკლედ

  • ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი - 1933 წლის 4 იანვარს გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა, ქალაქ ვლადიკავკაზში.
  • სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ - სასულიერო აკადემიაში, 1957 წლის 16 აპრილს კი, 24 წლისა, ბერად (სახელად ილია) აღიკვეცა.
  • 1977 წლის 23 დეკემბერს სიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 კრებაზე ილია შიოლაშვილი, რომელიც იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო, ეკლესიის მეთაურად აირჩიეს.
  • მან მიიღო წოდება - „უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი“; მოგვიანებით ამ წოდებას დაემატა „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“.

რა მოხდება შემდეგ?

2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ დაასახელა თავისი მოსაყდრის ვინაობა - პატრიარქის თანამოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.

შიო მუჯირი, ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში მართავს ეკლესიას - ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

18 მარტს, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, იგი სინოდმა მოსაყდრედ დაამტკიცა.

რაც შეეხება მომდევნო პატრიარქს:

გადაწყვეტილებას ახალი პატრიარქის შესახებ იღებს წმინდა სინოდი, - რომელიც არჩევს სამ კანდიდატს, - და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც უნდა აირჩიონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

გაფართოებულ კრებას იწვევს მოსაყდრე - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ.

ამჟამად სინოდში 39 მღვდელმთავარია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG