ავტომატურად შეჩერდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სატუმბო სადგურების ფუნქციონირებაც.
01:15 - ერთ საათზე მეტია, ქვეყნის მასშტაბით დენი გაითიშა, თუმცა ოფიციალური განმარტებები ჯერ არ კეთდება.
ელექტროენერგიის მიწოდება 00:10 საათისთვის შეწყდა.
ელექტროენერგია ყველგან ერთდროულად გაითიშა.
რადიო თავისუფლების მკითხველი კომენტარებში საქართველოს თითქმის ყველა წერტილიდან წერს დენის გათიშვის შესახებ თბილისის ყველა რაიონსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
ჯერჯერობით არც "სახელმწიფო ელექტროსისტემას" და არც კომპანიებს - "თელასსა" და "ენერგო-პროს" - განმარტებები არ გაუკეთებიათ.
სავარაუდოდ, "სახელმწიფო ელექტროსისტემა" ჯერ ვერ ახერხებს ამ გამანაწილებელი კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას.
რადიო თავისუფლება ოფიციალური ინფორმაციის მიღებას ცდილობს.
მოხმარების შემცირება "ელექტროსისტემის" საიტზეც აისახა
"სახელმწიფო ელექტროსისტემის" საიტის მიხედვით, 00:18 სთ-ზე ელექტროენერგიის მოხმარება 1860 მგვტ-დან 564 მგვტ-მდე შემცირდა.
ამასთან, კომპანია "თელასისგან" თბილისში აბონენტთა ნაწილმა მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დენი „ქსელში ავარიული გამორთვის გამო“ გამოირთო.
ამავე შეტყობინებაში ელექტროენერგიის „აღდგენის სავარაუდო დროდ“ 02:25 საათია დასახელებული.
ეს პირველი შემთხვევა არ არის
- 2025 წლის აპრილში, როდესაც თითქმის მთელს ქვეყანაში ჩაქრა დენი, მიზეზი იყო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ ავარიულად გამორთვა;
- მაშინ გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90%-ს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
იგივე ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში
ელექტროენერგია შეუწყდა ოკუპირებულ აფხაზეთსაც, - მათ შორის გაგრაში, გუდაუთაში, ბიჭვინთაში, სოხუმსა და ტყვარჩელში.
დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ მიზეზი „ენგურჰესზე სისტემური ავარიაა“, - თუმცა ქართულ მხარეს ჯერ არაფერი უთქვამს ამაზე.
„ვცდილობ გავარკვიო“, - უთხრა "ენგურჰესის" დირექტორმა ლევან მებონიამ „ტვ პირველს“ კითხვაზე, რას მოჰყვა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა.
GWP-ის სატუმბი სადგურებიც გაჩერდა
წყლის კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ „ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა [კომპანიის] სატუმბო სადგურების ფუნქციონირება“.
შედეგად თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, წყალმომარაგება სრულად აღდგება ჯივიპის სატუმბო სადგურებზე ელექტროენერგიის მიწოდებისთანავე“, - აცხადებს GWP.
ინფორმაცია არაერთხელ განახლდა და კვლავ განახლდება.
ფორუმი