Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდი უკრაინას დამატებით ვერ გადასცემს Patriot-ის რაკეტებს

Patriot-ის სისტემის რაკეტის გაშვება. 29 ნოემბერი, 2002.
Patriot-ის სისტემის რაკეტის გაშვება. 29 ნოემბერი, 2002.

ნიდერლანდის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანას არ შეუძლია უკრაინისთვის დამატებითი Patriot რაკეტების მიწოდება თავისი მარაგიდან, თუმცა მზადაა, განიხილოს სხვა ვარიანტები უკრაინის ცის დასაცავად.

ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კეეს ბაკჰუისმა განაცხადა რადიო „თავისუფლების“ უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ წერილობით კომენტარში.

„ჩვენ უკვე გადავეცით Patriot-ის სისტემების რაკეტები და ჯერჯერობით შეუძლებელია ჩვენი არსებული მარაგიდან მეტი რაკეტის მიწოდება. ამავე დროს მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ვარიანტი, რომელიც უკრაინას დაეხმარება დაიცვას თავისი ცა და მოსახლეობა. საჰაერო თავდაცვა ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის ძირითადი სფერო იყო და ასეც დარჩება“, ნათქვამია მის კომენტარში.

ბაკჰუისმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდი უკრაინას ყოველწლიურად უწევს სამი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას, მხარდაჭერა გარანტირებულია მინიმუმ 2029 წლამდე.

4-5 აგვისტოს ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინაზე მასიური შეტევა დაიწყო 28 რაკეტით და 100-ზე მეტი მოიერიშე დრონით. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის 100 დრონის განადგურების შესახებ განაცხადეს, თუმცა რაკეტების ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ივლისის ბოლოს ზელენსკიმ თქვა, რომ ვაშინგტონში ტრამპთან შეხვედრის დროს მან უკრაინისთვის მოითხოვა საზენიტო-სარაკეტო კოპმლექს Patriot-ის რაკეტების „ზამთრის პაკეტის“ გაგზავნა, რათა შეძლონ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მომავალი თავდასხმების მოგერიება. ანონიმური წყაროებზე დაყრდნობით, FT იუწყება, რომ ტრამპმა ამ მოთხოვნაზე უარი თქვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG