მოსკოვმა და დამასკმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ძალების რეორგანიზაციის შესახებ - იუწყება სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დოკუმენტის გაფორმებას წინ უძღოდა წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებს შორის. საქმე ეხებოდა როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტების სამომავლო ბედს, უწინარესად რუსეთის ორ უმსხვილეს სამხედრო ბაზას, ტარტუსსა და ჰმეიმინში - იუწყება სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA.
მემორანდუმის თანახმად, რუსეთი სირიას გადასცემს სამოქალაქო ობიექტების მართვას - მათ შორის ჰმეიმიმის აეროპორტს და ტარტუსის პორტი ოთხ კომერციულ ტერმინალს. ისინი თანდათან უნდა შეერწყას ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
რუსეთის სამხედრო ბაზებს და სხვა სამხედრო ობიექტებს პროფილი უნდა შეეცვალოს და გადაკეთდეს რუსეთ-სირიის ერთობლივ სასწავლო და საწვრთნელ ცენტრებად, რომლებიც იმოქმედებს ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. მზადების პროცესი, მემორანდუმის თანახმად, სამ თვეში უნდა წარიმართოს.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით იწყება ახალი თავი ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში.
2024 წლის დეკემბერში ბაშარ ასადის დიქტატურის დამხობის შემდეგ სირიის ფაქტობრივი ლიდერი გახდა აჰმედ აშ-შარა. 2025 წლის თებერვალში სირიის ახალი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრმა, მურჰავ აბუ კასრამ განაცხადა, რომ ქვეყანა მზად იყო რუსეთისთვის უფლება მიეცა შეენარჩუნებინა თავისი საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ბაზები ხმელთაშუაზღვირპირეთის გასწვრივ, თუკი კრემლთან შეთანხმებები უპასუხებდა სირიის ინტერესებს.
2025 წლის ოქტომბერში აშ-შარა მოსკოვში ჩავიდა და კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართა შეხვედრა.
რუსეთი ინარჩუნებს წარმომადგენლობას სირიაში, აკონტროლებს ჰმეიმიმის ბაზას და ტარტუსში ფლოტის მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მანამდე ამბობდა, რომ სირიის ხელისუფლებას სურდა რუსეთის წარმომადგენლობის დატოვება, ოღონდ შეცვლილი ფორმატით - აქცენტით ჰუმანიტარულ ფუნქციებზე.
ფორუმი