სირიისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი ქვეყანა რუსეთი გახდა მას მერე, რაც 2024 წლის დეკემბერში დაემხო ბაშარ ასადის რეჟიმი. სირიაში რუსეთის ნავთობის მიწოდება 75 პროცენტითაა გაზრდილი - მიმდინარე წელს მისი მოცულობა შეადგენს წელიწადში 60 ათას ბარელს. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, ოფიციალურ განცხადებებზე და ხომალდების მოძრაობის მონაცემებზე დაყრდნობით.
სააგენტოს სირიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ვაჭრობა კრემლს ანიჭებს გავლენას სირიაზე, სადაც მოსკოვი ინარჩუნებს სამხედრო-საზღვაო და ავიაბაზებს.
უწინ სირიაში საწვავის მთავარი ექსპორტიორი ირანი იყო.
ასადის დამხობის შემდეგ სირიის ფაქტობრივი ლიდერი გახდა აჰმედ ალ-შარა. 2025 წლის ოქტომბერში იგი ჩაფრინდა მოსკოვში, კრემლში პუტინთან შეხვედრის მიზნით. მხარეებმა განიხილეს სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზების მუშაობის განახლების შესაძლებლობა.
2026 წლის თებერვალში აშშ-მა და ისრაელმა საომარი ოპერაცია დაიწყეს ირანის წინააღმდეგ. ამის შედეგად დარტყმები განხორციელდა ირანის სამხედრო და ატომურ ობიექტებზე. ირანმა საპასუხო დარტყმები მიიტანა ამერიკის ბაზებზე და ინფრასტრუქტურაზე ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნებში, სპარსეთის ყურეში. ამასთან, ირანმა დაბლოკა მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში, რომელზეც გლობალური ნავთობის მიწოდების 20 პროცენტამდე მოდის. სპარსეთის ყურეში ნავთობის მსხვილი მწარმოებლები იძულებული გახდნენ, მკვეთრად შეემცირებინათ ნედლი ნავთობის მოპოვება, რასაც საწვავის ფასის გაზრდა მოჰყვა.
Financial Times-ის ანალიტიკოსებმა ირანში კონფლიქტისგან მთავარი სარგებლის მიმღებად რუსეთი დაასახელეს. კერძოდ, რუსეთის Urals-ის ტიპის ნავთობზე ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია ბოლო 13 წელიწადის განმავლობაში. ამასთან, აშშ-მა დროებით მოხსნა რუსეთის ნავთობზე დაწესებული სანქციები. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ანალიზის თანახმად, ამის შედეგად მოსკოვი მიიღებდა არაუმეტეს ორი მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალს.
ფორუმი