Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა უკრაინაში ელექტროსადგურებს და გაზის მომპოვებელ ობიექტებს დაარტყეს

რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლები და დამწვარი ავტომობილები ოდესაში. 2026 წლის 9 აგვისტო
რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლები და დამწვარი ავტომობილები ოდესაში. 2026 წლის 9 აგვისტო

14 ადამიანი დაშავდა რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად უკრაინის ოდესის ოლქში. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 14-დან 11 ჰოსპიტალიზებულია და მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

რუსეთის ჯარებმა ქალაქ ოდესას და ოდესის ოლქს 9 აგვისტოს დაარტყეს. ძირითადი სამიზნე ენერგოობიექტები იყო. დაზიანებულია სახლებიც.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 300 ათასზე მეტი ოჯახი. ღამის მონაცემებით, ენერგომომარაგების აღდგენა მოხერხდა 128 ათასზე მეტი ოჯახისთვის.

9 აგვისტოს ღამის თორმეტი საათისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ოდესის ოლქში დაარტყეს ერთ თბოელექტროსადგურს და შვიდ ელექტროქვესადგურს. ინფორმაცია იწყებოდა სიტყვებით, რომ დარტყმებმა „შუქი ჩააქრო - ღამე მშვიდობის“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, უკრაინის სუმის ოლქში დრონებით დაარტყეს გაზის საბადო „ბუგროვატოეს“, რომელიც „უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოიყენება“.

უკრაინის ნავთობის და გაზის კომპანია „ნაფტოგაზის“ ინფორმაციით, 9 აგვისტოს რუსული დრონებით შეტევამ გაზის მომპოვებელ ობიექტებზე მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია და მუშაობა შეჩერებულია. კომპანიის თანახმად, უსაფრთხოების ზომების წყალობით, თანამშრომლები არ დაშავებულან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG