უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 აგვისტოს დღისით დაადასტურეს, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „სლავნეფტ-იანოსი“.
პირველი ცნობები ამ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევისა და ხანძრის შესახებ დილით გავრცელდა.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, „სლავნეფტ-იანოსზე“ დარტყმის შედეგად ხანძრის სამი კერა გაჩნდა, ზარალის ხარისხი კი დაზუსტების ეტაპზეა.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა 6 აგვისტოს დაადასტურა, რომ წინა დღეს, 5 აგვისტოს რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უფაში დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ბაშნეფტ-ნოვოილსაც“, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ორი დანადგარი.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 აგვისტოს სოციალურ ქსელებში დაწერა, უკრაინის შორ მანძილზე დარტყმების „სანქციებმა ისევ იმუშავეს“ ნავთობიდან რუსეთის მიერ მიღებული და ომის დასაფინანსებლად და უკრაინელების მკვლელობისთვის გამოყენებული შემოსავლების შესაზღუდად.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ „ბაშნეფტ-ნოვოილი“ უკრაინის ფრონტის ხაზიდან 1300 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული, ხოლო „სლავნეფტ-იანოსი“ - თითქმის 700 კილომეტრით.
რუსეთის იაროსლავლის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ევრაევმა, რომელსაც ტელეგრამ-არხით 6 აგვისტოს დილით გავრცელებულ ცნობაში დრონების „ყველაზე მასირებული შეტევის მოგერიების" შესახებ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე არაფერი უთქვამს, დღის 12 საათისთვის გამოაქვეყნა ახალი ცნობა, რომ „ჩამოცვენილი ნამსხვრევები" მოხვდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეზერვუარებს და სპეციალური სამსახურები მუშაობენ ხანძრის ლიკვიდაციისთვის.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 4 აგვისტოს შეაჯამა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2026 წლის ივნისში დამტკიცებული, რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაციის“ შედეგები. მათ შორისაა შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, 40 დღის განმავლობაში მტრის ზურგში დაარტყეს 100-ზე მეტ სტრატეგიულ ობიექტს, მათ შორის 14 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
ფორუმი