ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო ღაზის სექტორში შეიარაღებული კონფლიქტის დასასრულებლად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ გეგმა.
ნეთანიაჰუმ 9 აგვისტოს, ისრაელის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოაცხადა, რომ „ისრაელი არ იღებს ამ 15-პუნქტიან გეგმას”.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანახმად, ქვეყნის ჯარები ღაზის სექტორს არ დატოვებენ, სანამ არ იქნება ჰამასის არა ფიქტიური, არამედ სრული და რეალური განიარაღება და ეს მოთხოვნა ეხება ყველა სახეობის იარაღს.
ნეთანიაჰუს ინფორმაციით, ისრაელი თავის დათქმებს შეერთებულ შტატებთან განიხილავს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „დიდი მეგობარი“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-თან ისტორიულ პარტნიორობას დიდად აფასებენ, მაგრამ იცავენ თავის პოზიციებს, როცა საქმე ისრაელის უსაფრთხოებას ეხება.
„ისტორიული შეთანხმება“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 ივლისს გამოაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭომ“ კაიროში მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია „ისტორიულ შეთანხმებას“ ჰამასისა და ღაზის სექტორში მოქმედი სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების სრული განიარაღების შესახებ.
დოკუმენტი ითვალისწინებს ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანასაც და სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების განთავსებას. მან პალესტინელთა ახალ პოლიციასთან თანამშრომლობით უნდა უზრუნველყოს ღაზის სექტორის მცხოვრებთა უსაფრთხოება.
პრეზიდენტმა ტრამპმა 30 ივლისს განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ ღაზის სექტორის მართვა დაიწყოს პალესტინელთა ახალმა მთავრობამ, რომელიც „მშვიდობის საბჭოსთან“ ითანამშრომლებს პალესტინელი ხალხის დასახმარებლად.
ჰამასი „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას დაეთანხმა.
აშშ-ის რეაქცია ნეთანიაჰუს განცხადებაზე
ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიერ „მშვიდობის საბჭოს“ გეგმის უარყოფის შემდეგ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ისრაელის ტელეკომპანია მე-12 არხს ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ ნეთანიაჰუს ეს განცხადება ვაშინგტონში შეშფოთებას არ იწვევს.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ისრაელის პრემიერის გამოსვლა დაუკავშირა მოახლოებული არჩევნებით გამოწვეულ პოლიტიკურ საჭიროებას. 2026 წლის ოქტომბერში ისრაელში საპარლამენტო არჩევნებია.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თანახმად, ეს შეერთებული შტატებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დღეებში ისრაელმა ფაქტობრივად შეწყვიტა ღაზის სექტორზე დარტყმები.
რა სამუშაოები დაიწყო ისრაელმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში
9 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გასცეს ღაზის სექტორის სამხრეთში აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებართვა, მიუხედავად განცხადებებისა, რომ რეაბილიტაცია მხოლოდ ჰამასის განიარაღების შემდეგ დაიწყებოდა.
ისრაელის არმიის რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰის აღმოსავლეთ რაიონში დაწყებულია ინფრასტრუქტურის მომზადება სახლების მშენებლობისთვის. ტერიტორია, რომელსაც ისრაელის არმია აკონტროლებს, ჰამასთან გამყოფ, ე.წ. ყვითელ ხაზთან მდებარეობს.
ისრაელის არმიის რადიოს თანახმად, ნეთანიაჰუმ და კაცმა სამუშაოების დაწყების ნებართვა ორი კვირის წინ გასცეს, თუმცა მაშინ საჯაროდ არ გამოცხადებულა. მშენებლობაში მონაწილეობას შეძლებენ ღაზის სექტორის მცხოვრებნიც მას შემდეგ, რაც მათ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები შეამოწმებენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, პროექტს არაბთა გაერთიანებული საამიროები აფინანსებს, მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ტერიტორია გაიწმინდა ჰამასის გვირაბებისა და სხვა ინფრასტრუქტურისგან. ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების სისტემების მშენებლობა და კანალიზაციის გაყვანა ისრაელის არმიამ უნდა გააკონტროლოს.
- ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას და ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას.
- ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი, ნგრევა და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ შექმნილი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის შედეგად 71 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„მშვიდობის საბჭო“
„მშვიდობის საბჭო“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით შეიქმნა და მას თავად ხელმძღვანელობს.
ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ ეტაპზე განიხილავდა ორგანოდ, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კოორდინირებას გაუწევს ღაზის სექტორის მართვას და აღდგენას.
საბჭოს წესდებით, რომელსაც 2026 წლის იანვარში დავოსში მოაწერეს ხელი 20-მდე ქვეყნის ლიდერებმა, „მშვიდობის საბჭო" განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც.
„მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა 19 თებერვალს ვაშინგტონში უმასპინძლა, 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.
ფორუმი