„მშვიდობის საბჭოს“ შექმნა ტრამპის ინიციატივაა და საბჭოსაც თავად ხელმძღვანელობს.
საბჭოს პირველ სხდომაში 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. სახელმწიფოთა პირველ პირებს შორის იყვნენ ინდონეზიის, ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის და რუმინეთის პრეზიდენტები და უნგრეთის, სომხეთის, ალბანეთის და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები. ისრაელიდან სხდომას დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრი.
„მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა რომ:
- ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, მაროკომ, ბაჰრეინმა, კატარმა, საუდის არაბეთმა, უზბეკეთმა და კუვეიტმა ღაზის სექტორის აღსადგენად საბჭოს ბიუჯეტში შეიტანეს, საერთო ჯამში, შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი, კიდევ ათ მილიარდს კი აშშ შეიტანს.
- ორი მილიარდი დოლარის მობილიზება მოხდება გაეროს მეშვეობით.
- FIFA-ს ინიციატივით სპორტული პროექტებისთვის 75 მილიონი დოლარი შეგროვდება.
ექსპერტების შეფასებით, ისრაელსა და ჰამასს შორის საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებული ღაზის სექტორის აღსადგენად სულ მცირე 70 მილიარდი დოლარია საჭირო.
„მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე ტრამპმა გამოაცხადა ღაზის სექტორში სტაბილიზაციის ხელშემწყობი საერთაშორისო ძალების შემადგენლობაც:
- სამხედროებს და პოლიციელებს გაგზავნიან ინდონეზია, მაროკო, ალბანეთი, კოსოვო და ყაზახეთი. ყველაზე მეტს, რვა ათასამდე სამხედროს - ინდონეზია.
- საერთაშორისო კონტინგენტს, რომელშიც, საერთო ჯამში, 20 ათასი სამხედრო უნდა იყოს, ამერიკელი გენერალი ჯასპერ ჯეფერსი უხელმძღვანელებს
საერთაშორისო ძალებმა ღაზის სექტორში უსაფრთხოება უნდა დაიცვან ისრაელსა და ეგვიპტესთან ერთად და ადგილობრივი საპოლიციო ძალები უნდა მოამზადონ.
გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, აშშ ღაზის სექტორში გეგმავს ხუთი ათას სამხედროზე გათვლილი ბაზის განთავსებას.
- აშშ-ის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ ეტაპზე განიხილავდა ორგანოდ, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კოორდინირებას გაუწევს ღაზის სექტორის მართვას და აღდგენას.
- საბჭოს წესდებით, რომელსაც 2026 წლის იანვარში დავოსში მოაწერეს ხელი 20-მდე ქვეყნის ლიდერებმა, „მშვიდობის საბჭო" განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც.
აშშ-ის პრეზიდენტმა „მშვიდობის საბჭოში" მიიწვია ათეულობით ქვეყანა, მათ შორის უკრაინა და რუსეთიც. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მიწვევა მიიღეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
„მშვიდობის საბჭოში“ მუშაობაზე უარი თქვეს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა.
ტრამპის ინიციატივისადმი კრიტიკულად განწყობილთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ მსოფლიოში კონფლიქტების მოსაგვარებლად უკვე არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია - გაერო. „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ საბჭო არ იქნება გაეროს შემცვლელი.
- 2025 წელს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ გაიყვანა გაეროს არაერთი სტრუქტურიდან და შესაბამისად, მათი დაფინანსებაც შეწყვიტა. აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური მდივანი გააფრთხილა, რომ ორგანიზაციას ფინანსური კოლაფსი ელის.
- პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, აშშ-ის, ევროკავშირისა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას და ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას.
- ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი, ნგრევა და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.
- უფლებადამცველი ორგანიზაციები ორივე მხარეს ბრალს სდებენ ომის დანაშაულის ჩადენაში.
- 2025 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმოადგინა ღაზის სექტორში ომის დასრულების გეგმა.
- 2025 წლის ოქტომბერში ისრაელმა და ჰამასმა შეერთებული შტატების, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის წარმომადგენლების შუამავლობით მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის, ჰამასის ტყვეობაში მყოფთა გათავისუფლების, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებისა და ისრაელის ჯარების გაყვანის შესახებ.
ფორუმი